|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაიბრუნებს თუ არა ქუთაისის მერია 150 ათას ლარად გასხვისებულ შენობას?

ქუთაისის მერიის მიერ 2015 წელს გასხვისებული შენობა დღემდე იმ მდგომარეობაშია, როგორადაც 2009 წლის ხანძრის შედეგად დარჩა. რუსთაველისა და ცისფერყანწელთა ქუჩების კვეთაზე მდებარე  "მასწავლებელთა სახლი", შესაძლოა, ძველ მფლობელს დაუბრუნდეს.

ქუთაისის მერიამ გასულ  წელს შენობა ელექტრონული ტენდერით 150 000 ლარად კომპანია "HP“ –ზე  გაასხვისა.

მისი მფლობელი რამაზ სოფრომაზე, როგორც ერთი წლის წინ "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებდა, კარგი „შეფუთვის“ მსხვერპლი  გახდა, რადგან   ფოტოზე შენობა გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში გამოიყურებოდა, ვიდრე სინამდვილეში არის. 

„რომ მენახა შენობა,  შეიძლება, არც მეყიდა. აუქციონზე კარგად ჩანდა და მომეწონა. ვნახე, რომ ცუდ მდგომარეობაშია. თანამფლობელიც ჰყავს. თუ მოვახერხებთ მასთან შეთანხმებას,  სასტუმროს ავაშენებთ, თუ არა ესთეტიკური მედიცინის ცენტრს გავაკეთებთ. პირობის მიხედვით,  შენობა 2016 წელს უნდა დავასრულოთ. ამ წელიწად ნახევარში მშენებლობას დავასრულებთ, გარე იერ–სახეს მოვაწყობთ და მერე გადავწყვეტთ,  რა იქნება. ახლა შენობაში არსებული ნარჩენების  გატანას ვახდენთ, რაც დიდ სამუშაოებთან არის დაკავშირებული“–აცხადებდა  სოფრომაძე.

ერთადერთი, რაც შენობაში მოხდა, ნარჩენების გატანაა. სხვა სამუშაოები ამ დრომდე არ ჩატარებულა. აღსანიშნავია, რომ შენობის პირველი სართული ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების კომპანია "აიას" მფლობელის საკუთრებაშია. ამბერკ დვალიშვილს შენობის გასხვისების გამო არავითარი პრეტენზია არ ჰქონია და აცხადებდა, რომ ის ახალ მფლობელთან ერთად მოაწყობდა საკუთარ ფართს.

აღნიშნულის მიუხედავად,  ამ დრომდე შენობაში არანაირი სამუშოები  არ დაწყებულა.  რეაბილიტაციის ვადა კი,  2016 წელს სრულდება.  თუ ახალი მფლობელი წლის ბოლომდე შენობის რეაბილიტაციას არ მოახდენს,  მას ჯარიმა დაეკისრება, რაც შენობის ჩამორთმევას გულისხმობს. როგორც მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი  "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს,  შენობას მერია დაიბრუნებს, ისე რომ  გადახდილ თანხასაც არ დაუბრუნებს უკან.

კლდიაშვილის ნათქვამი  არამადაჯერებლად ჟღერს საკრებულოს დეპუტატისთვის "ნაციონალური მოძრაობიდან". ბესიკ ბრეგაძე შენობის ახალი მფლობელისა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროს ზვიად ჯავახიას ნათესაობის ფაქტზე მიუთითებს, რის გამოც, ფიქრობს, რომ  შენობის ჩამორთმევა არ მოხდება.

შეგახსენებთ, კომპანია HP“  ბაღდათის მუნიციპალიტეტშია რეგისტრირებული. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიას ადვოკატირებას იურისტი ვახტანგ ჯავახია უწევდა. ადგილმდებარეობისა და გვარის გამო გამარჯვებულ კომპანიასთან მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს, ზვიად  ჯავახიას მოიაზრებდნენ.  ერთმანეთთან კავშირს ორივე მხარე უარყოფს,  თუმცა  მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ვახტანგ ჯავახიასთან ნათესაობას ადასტურებდა და აღნიშნავდა,  რომ არ იცის, ვინ არის კომპანიის უფროსი.

"მასწავლებელთა სახლის" წლის ბოლომდე რეაბილიტაციას აპირებს კომაპანია. რომლის წარმომადგენელმა ქეთევან აბაშიძემ "ნიუპრეს" განუცხადა რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმას გადაიხდის.

"წლის ბოლომდე გაიხსნება, რა იქნება ახლა ვერ გეტყვი. არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება. თუ არ დასრულდება მაშინ ჯარიმას გადავიხდით"–განაცხადა ქეთევან აბაშიძემ, რომელმაც მუცლელობის გამო სხვა კითხვებზე არ გვიპასუხა.

განსაკუთრებული  „მოხერხებულობით“ გაყიდული შენობა, განსაკუთრებული პირობებითაც გასხვისდა: ვინაიდან ყოფილი „მასწავლებელთა სახლი“ ქუთაისის ისტორიულ ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების ნუსხაში შეტანილ შენობათა 50 მ-იან არეალში მდებარეობს, აუქციონშიგამარჯვებული ვალდებულია ყოფილი „მასწავლებელთა სახლის“ 582. 91 კვ.მ ფართზე შენობის რეკონსტრუქციის პროექტი და მშენებლობა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნებით.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა