"ნამდვილი, ევროპული ტიპის, კლასიკური პარტიის" ჩამოყალიბების იდეა განიხილება
ახალ ინიციატივაზე საუბრობს „ეროვნული ფორუმის“ ლიდერი კახაბერ შარტავა. შარტავა, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, სხვადასხვა პარტიის რესურსით "ნამდვილი, ევროპული ტიპის კლასიკური" პარტიის ჩამოყალიბების იდეით გამოდის.
მისი თქმით, აუცილებელია რეალური, ევროპული, კლასიკური ტიპის პარტიის ჩამოყალიბება და სხვადასხვა პარტიაში გაფანტული რესურსის მოგროვება.
„ასეთი ტიპის სერიოზული პარტიის ჩამოყალიბებისთვის ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ პარტიული მსხვერპლი ამ პროცესისა და შევეწიროთ ამ მნიშვნელოვანი პროცესის დაწყებას სხვებთან ერთად, თუ იქნებიან ამის მსურველები“, - განაცხადა შარტავამ.
შარტავას თქმით, მას უკვე ჰქონდა კონსულტაციები ერთ-ორ პოლიტიკურ ძალასთან.
მან მადლობა გადაუხადა"ნამდვილ ამომრჩეველს", „ეროვნული ფორუმის“ და სხვა პარტიების წევრებს, რომლებმაც თავდაუზოგავად იმუშავეს სამართლიანი არჩევნებისთვის.
აღნიშნულ ინიციატივას „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ის პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობისთვის მზად არის.
„ მზად ვართ კონსულტაციისთვის პროდასავლურ ძალებთან, თუმცა ერთი პარტიის ჩამოყალიბება სხვა საკითხია. ვნახოთ, ზოგადად, შეხვედრას წინ არაფერი უდგას“, - განაცხადა ვაშაძემ.
აღნიშნულ ინიციატივას ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი მამუკა კაციტაძე სკეპტიკურად უყურებს.
კაციტაძის განცხადებით, სხვადასხვა პარტიების გაუქმება და ამ რესურსით ერთი პარტიის შექმნა არარეალისტურია, ხოლო თუ საუბარია ევროპული ტიპის ძლიერ კოალიციაზე, ამისთვის როგორც კაციტაძემ აღნიშნა, ”ახალი მემარჯვენეები” აქამდეც მზად იყვნენ და მომავალშიც იქნებიან.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















