გადაამოწმე თავი ამომრჩეველთა სიაში
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის აქცია, სახელწოდებით - ”გადაამოწმე საკუთარი თავი ამომრჩეველთა სიაში” გამართა.
ცესკო-ს მიერ შექმნილმა ახალმა აპლიკაციამ, რომელიც 20 აგვისტოდან 7 000-მდე სწრაფი გადახდის აპარატში (pay box) განთავსდა, ამომრჩევლებს შესაძლებლობა მისცა გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები საარჩევნო სიაში. ცესკო-ს წარმომადგენლების განმარტებით, ახალი აპლიკაციით უკვე 11 000-მდე ადამიანმა ისარგებლა. სავაჭრო ცენტრ ”თბილისი მოლში” გამართულ აქციაში მონაწილეობა შშმ პირებმაც მიიღეს.
როგორც ცესკო-ს წარმომადგენლები აღნიშნავენ, სწრაფი გადახდის აპარატებში არსებული აპლიკაციის გარდა, ამომრჩევლებს საარჩევნო სიაში, საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება, ვებ-გვერდ voter.cec.gov.ge-ზე, ”ანდროიდის” სისტემაზე მორგებული ტელეფონისა და პლანშეტის გამოყენებითაც შეუძლიათ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ცესკო-ს მიერ შემოთავაზებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების სერვისებით 10 ივნისიდან 757 605-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.
მონაცემებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში ამომრჩეველმა 22 სექტემბრამდე წერილობით უნდა მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას, ან იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















