ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს ერთი კვირაა სასმელი წყალი არ მიეწოდება(VIDEO)
ქუთაისში, გაპონოვისა და კიბულის ქუჩის მცხოვრებლების განცხადებით, მათ ერთი კვირაა სასმელი წყალი არ მიეწოდებათ. აღნიშნულ ქუჩაზე წყალგაყვანილობის სამუშაოები მიმდინარეობს. მოსახლოება სამუშაოების დროში გაჭიანურებას აპროტესტებს. როგორც ისინი განმარტავენ, სამუშაოები ყოველდღიურად მიმდინარეობს, თუმცა დასაქმებული ადამიანები არაკომპეტენტურები არიან, რის გამოც შედეგი არ არის და ერთი კვირაა წყალი არ მიეწოდებათ.
,,ჯერ გვეუბნებიან გავაკეთებთო. მერე ამბობენ, მილები არ არისო მოდიან და აკეთებენ მაგრამ, ხომ ხედავთ რაც არის გაკეთებული ნაგავში და სიბინძურეში ვიხრჩობით. არ იციან რას აკეთებენ. კანალიზაციის სუნი დგას მთელ ქუჩაზე ბავშვებს გარეთ ვერ ვუშვებთ. 5 დღეა წყალი არ გვაქვს. მოვიდა მაგრამ ისეთი ბინძური იყო ვერაფრისთვის გამოიყენებდი. ვრეკავთ ცხელ ხაზზე და იქედან პასუხი არაფერი გვაქვს. მოვიდნენ შესამოწმებლად მაგრამ თვითონაც არ იციან, როგორ მოაგვარონ პრობლემა“,-აცხადებენ გაპონოვისა და კიბულის ქუჩის მცხოვრებლები.
გაპონოვისა და კიბულის ქუჩის მცხოვრებლთა პრობლემით დაინტერესდა ,,თავისუფალი დემოკრატების“ ქუთაისის 47-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი ხაზარაძე. ის მოსახლეობას ადგილზე შეხვდა. მისი განცხადებით, პრობლემა, რომელიც აღნიშნული ქუჩის მოსახლეოაბს აწუხებს, არ არის უცხო და უკვე რამდენიმე კვირაა გზები, წყალასაკანალიზაციო სამუშაოების გამო ამორტიზირებულია. ამას ემატება უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები და მოსახლეობა ზაფხულის ცხელ დღეებში, თითქმის ერთი კვირაა წყლის გარეშეა დარჩენილი.
,,კიბულის ქუჩაზე გზების ამორტიზირებულობის გამო, მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა ექმნება, სამუშაოები მიტოვებულია და ადამიანები, ვისაც ამის მოგვარება ევალებათ, უყურადღებოდ ექცევიან ამ საკითხს. რაც შეეხება გაპონოვის ქუჩის მოსახლეობას, 5-6 დღეა წყალი არ აქვთ და როდესაც კომპეტენტური სამსახურის მუშაკებს ეკითხებიან, როდის მოგვარდება პრობლემა, ისინი პასუხს ვერ სცემენ და პრობლემა მოუგვარებელი რჩება. ამ შემთხვევაში ადგილობრვი ხელსუფლება მოსახლეობას ვერც ალტერნატიული გზებს სთავაზობს, თუნდაც სასმელი წყლის მიწოდებას. ეს სიტუაცია კი 90-იანი წლების დასაწყისს გავს, რაც დაუშვებელია. მივმართავ პასუხისმგებელ ორგანოს, წყალმომარაგების კომპანიას, რომ პრობლემა მოაგვარონ და 21-ე საუკუნეში ადამიანებს წყლის მიწოდების პრობლემა გადაუჭრან“,-განაცხადა გოგი ხაზარაძემ.
„გაერთიანებულ წყალმომარაგებაში“ ხარვეზებს ქუჩებზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოებით ხსნიან. როგორც კომპანიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ნინო რამიშვილი განმარტავს, აღნიშნულ ქუჩებზე სამუშაოები 86 მილიონიანი პროექტის ფარგლებში მიდმინარეობს, რის შემდეგაც ქუთაისს 2017 წლიდან 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. მისივე განცხადებით, გაპონოვის ქუჩაზე დასრულდა სამუშაოები და დღეიდან მოსახლეობა წყალს ჩვეული გრაფიკით მიიღებს. რაც შეეხება კიბულის ქუჩას, ამ ქუჩაზე წყალს მოსახლეობა იღებს ახალი ქსელით, დარჩენილია 7 ოჯახი, რომლებიც ჩასმული არიან პროექტში და სამუშაოები მალე დაიწყება. მისი თქმით, ამ დროისთვის ორივე ქუჩას წყალი მიეწოდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















