გელათში დავითობის დღესასწაული იმართება [PHOTO]
ქუთაისში დღეს დავითობასთან დაკავშირებული ღონისძიებები დილიდან იმართება. გელათის სამონასტრო კომპლექსში დიდი მეფის მოსახსენიებელი საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა.
ცერემონიალს სასულიერო პირები, საჯარო მოხელეები და მოქალაქეები ესწრებიან. მათვე გვირგვინით შეამკეს დავით აღმაშენებლის საფლავი.
"დღეს დავითობაა და მინდა, ქუთაისს და სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დღე. დავით მეოთხე გახლავთ საქართველოს ერთიანობის და ძლიერების სიმბოლო. აქედან მინდა საქართველოს ძლიერება და გამთლიანება ვუსურვო", -განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
დღესვე გაიხსნა ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმის გამოფენა, სახელწოდებით "გელათის სამონასტრო კომპლექსი".
ღონისძიებები ქუთაისში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
გაიმართება ლ.მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის პერფომანსი და აკადემიკოს ერეკლე საღლიანის ლექცია, წერეთლის უნივერსიტეტში 13:00 საათზე სტუდენტების ლიტერატურული კომპოზიცია - ,,ღირს მსახურებდი ქართულ მიწა-წყალს’’ , ხოლო 16:00 საათზე ა(ა)იპ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში რამაზ იოსელიანი წიგნის ,,რატომ დაიწერა ვეფხისტყაოსანი’’ პრეზენტაციაა დაგეგმილი.
"დავითობის" აღნიშვნა 18:00 საათზე მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრში ,,დავითობის’’ დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტით ანსამბლ ,,ივერიას’’ წევრების მონაწილეობით დაიხურება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















