გენადი მარგველაშვილი: "უცხოურ ინვესტიციებზე მეტად კვალიფიციური კადრები გვჭირდება"
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე ქუთაისის #47 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი დასახელდა. როგორც მარგველაშვილმა "ნიუპრესს" განუცხადა, მნიშვნელოვანი გეგმები აქვს. მისი თქმით, ამ პოსტზე მხოლოდ საშუალო განათლების საკითხებით არ შემოიფარგლება.
"ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ვიდრე მე წარმოვიდგენდი. ეს არის შესაძლებლობა, ვაკეთო საქმე ამ მიმართულებით. მეც მაქვს ინიციატივები, ვაპირებ, საერთაშორისო კავშირები გავაფართოვო, რომ ჩვენ ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ოლიმპიადებში. თუმცა მხოლოდ საშუალო განათლების საკითხებით არ შემოვიფარგლები, უმაღლესი და სკოლამდელი განათლების საკითხებზეც ვიმუშავებ. რაც შეეხება დასაქმების საკითხს, ეს არის პარტიის ოთხპუნქტიანი გეგმის ნაწილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ნაბიჯები რომ უფრო მძლავრი იყოს, ამას უცხოურ ინვესტიციებზე მეტად სჭირდება, ჩვენ გვყავდეს კვალიფიციური კადრები ყველა სფეროში, მათ შორის ტექნიკურ პროფესიებში",-განაცხადა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატურები უკვე დაასახელა. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ მარიამ ჯაში დასახელდა, პირველი მოადგილედ - გენადი მარგველაშვილი, მოადგილედ - გუგული მაღრაძე.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















