|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია თევდორაძე: "მაჟორიტარობის კანდიდატებს საქალაქო ორგანიზაცია შეარჩევს"

ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით საბოლოო პოზიცია ჯერ არც "ნაციონალურ მოძრაობაში"  აქვთ. "ჩვენ სრულფასოვნად ჩავერთვებით ამ საარჩევნო კამპანიაში. ბრძოლის ერთადერთი მიზანი იქნება გამარჯვება, რისთვისაც მაქსიმალურად გამოვიყენებთ იმ რესურს, რასაც ქვია გამოცდილება, ჩვენი მხარდამჭერები და აქტივისტები, რომელთა ნაკლებობასაც ნამდვილად არ განვიცდით",- აცხადებს გია თევდორაძე.

კითხვაზე, თუ რა ფორმით მოხდება კანდიდატების შერჩევა, აცხადებს, რომ შესაძლოა,  შიდა პრაიმერისი გაიმართოს.  ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ადამიანი გამოთქვამს სურვილს საკუთარი კანდიდატურა დააყენოს. "თუ მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატი იქნება ერთ კონკრეტულ ოლქზე, მაშინ მე, როგორც პოლიტსაბჭოს ერთ-ერთი წევრი ვიქნები ერთ-ერთი ინიციატორი იმისა, რომ კონკრეტულ ოლქებში ჩატარდეს პრაიმერისი. ჯერჯერობით,  ვინც წარადგინა პარტიამ, არ ყოფილა სხვა კანდიდატები. ამდენად, არ ყოფილა ამის საჭიროება.  ვინ იქნებიან კანდიდატები, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, პარტიის ცენტრალური ოფისი მიიღებს, თუმცა, კანდიდატურები დასახელდება „ქვემოდან“. ინიციატორები იმისა,  თუ ვინ იქნებიან ქუთაისში ამა თუ იმ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები, ამას იქნებიან  ის ადამიანები, რომლებიც  განსაზღვრავენ პარტიის არსებობას ქუთაისში",- განუცხადა "ნიუპრესს" გია თევდორაძემ.

მისი განცხადებით,  კანდიდატები შეიძლება იყვნენ ის ადამიანები,  ვინც ქუთაისთან თავისი საქმიანობით,  ან წარმომავლობით არიან დაკავშირებული. გამორიცხული არაა „ახალი სახეების „გამოჩენა.

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე გია თევდორაძე  არადემოკრატიულ საარჩევნო  გარემოზე საუბრობს. მისი თქმით,  "იმ პირობებში, როდესაც პარტიის გენერალური მდივანი უკანონო პატიმრობაში იმყოფება, როცა ქუთაისში ჩემი თანამებრძოლები ჯერ კიდევ სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტები არიან,- საუბარია, "თავისუფალი ზონის" სამ წევრზე ლორთქიფანიძესთან პიჯაკის ინციდენტთან დაკავშირებით.  იმ პირობებში, როცა ჩემი მეგობარი ქეთი დეისაძე, ცოტა ხნის წინ სამსახურიდან გამოუშვეს, საუბარი თავისუფალ საარჩევნო გარემოზე სრულიად უადგილოა.  ვფიქრობ, საკმაოდ ხისტ, დაძაბულ გარემოში წარიმართება ეს საარჩევნო კამპანია, საბოლოო ჯამში, მოვახდენთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟს“-აცხადებს თევდორაძე.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა