"გიორგი კაჭარავას დაკავება მსხვილი ნარკორეალიზატორის ინტერესებში შედიოდა"
ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსი გიორგი კაჭარავა ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა. მის ინტერესებს ადვოკატი ირმა ჭკადუა იცავს.
ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის 20 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს.
გიორგი კაჭარავას განცხადებით, პირი, რომლისთვისაც მას სახელმწიფო ბრალდება ქრთამის გამოძალვას ედავება, მისი და ზურაბ ჭელიძის აგენტი იყო და მან თავად გადასცა თანხა, რათა ერთ-ერთი ნარკორეალიზატორისთვის ვალი გაესტუმრებინა და კვლავ გახსნოდა ნარკობაზრისკენ გზა. მისივე თქმით, ამ ადამიანმა ორმაგი თამაში ითამაშა და შეცდომაში შეიყვანა სუს-იც.
რაც შეეხება მის კაბინეტში აღმოჩენილ დიდი ოდენობით იარაღს და ასევე მანქანაში ნაპოვნ ნარკოტიკულ ნივთიერებას, როგორც კაჭარავამ აღნიშნა, ამაზე ის სამსახურისა და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე შეგნებულად არ ისაუბრებს.
როგორც ადვოკატმა პროცესზე აღნიშნა, იმ პირების საშუალებით, რომლებზეც გამოძიება კაჭარავას ქრთამის აღებას ედავება, ქუთაისის კრიმინალური პოლიცია ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ნარკორეალიზატორზე გასვლას აპირებდა, და სწორედ მათ ინტერესებში იყო, რომ კაჭარავა დაეკავებინათ.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















