გიორგი მარგველაშვილი: "ინფორმაციას მედიისგან ვიგებ"
ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე მედიისგან ვიღებ ინფორმაციას, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
"ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, რაშიც მედია განსაკუთრებულ როლს თამაშობს. მინდა გითხრათ, რომ ქართველებს სძულთ პოლიტიკოსები, მაგრამ უყვართ რეპორტიორები და ის კითხვები, რომელსაც მედია საშუალებები სვამენ. ისინი ჩართული არიან პოლიტიკაში და ასევე აინტერესებთ ის, თუ როგორ ვითარდება საზოგადოება, ეს კი რეალურად არის გარანტია ქვეყნის რეალური განვითარების. როდესაც ვურთიერთობთ მედიასთან, ნიშნავს, რომ რეალურად ვურთიერთობთ საზოგადოებასთან. მედიას შეუძლია პირდაპირ მოგიტანოს ინფორმაცია, თუ რას ფიქრობს საზოგადოება. პოლიტიკოსს გაქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მაგრამ არასოდეს იცი რეალურად, რას ფიქრობენ ისინი. ამიტომ ჟურნალისტებს აღვიქვამ იმ ადამიანებად, რომლებსაც ჩემამდე მოაქვთ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ევროპული ჟურნალისტიკის ტრეინინგასოციაციის (EJTA) ყოველწლიურ კონფერენციაზე.
კონფერენცია, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ორგანიზებით დღეს გაიხსნა, პირველად ტარდება საქართველოში. მასში მონაწილეობენ ქართველი, ევროპელი და ამერიკელი ჟურნალისტები, მედიის მკვლევარები და მედიასკოლების წარმომადგენლები.
კონფერენციის ფარგლებში ჯოშუა ფრიდმანისა და GIPA-ს მიერ საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისათვის გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულიც გამოვლინდება, რომელსაც პრიზს პულიცერის პრემიის მფლობელი და პრიზის თანაავტორი, ჯოშუა ფრიდმანი გადასცემს.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















