|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გვირილობა", თუ "სავარდო და სამაისო ქუთაისი"?

გვირილობის ტრადიცია  ქუთაისში 2009 წელს აღდგა. ქალაქის მაშინდელი მერის გია თევდორაძის განცხადებით, ქალაქის დღესასწაულის მუხნარის ტყიდან ქალაქის ცენტრში გადმოტანა გამართლებული ნაბიჯი იყო. საპარლამენტო უმცირესობის წევრი მოქმედ ხელისუფლებას უწონებს მათ მიერ ადგენილი ტრადიციის გაგრძელებას, თუმცა შენიშვნასაც გამოთქვამს.

„მე უკვე დამხვდა ქუთაისობის აღნიშვნის ტრადიცია, “სავარდო და სამაისო ქუთაისი“  ერქვა, რასაც  წლების მანძილზე აღნიშნავდა თემურ შაშიაშვილი.  ჩვენ „სავარდო და სამაისო“ ვაქციეთ „გვირილობის დღესასწაულად“.   

„სავარდო და სამაისო ქუთაისი“  უფრო საბჭოური დღესასწაულის შთაბეჭდილებას ტოვებდა, თავისი მწვადებით, დოღით,  რაც, რა თქმა უნდა, ლამაზი და კოლორიტულია და არ უნდა დაიკარგოს, მაგრამ ჩვენ ქალაქის ღონისძიება გადმოვიტანეთ ქალაქის ცენტრში, რეაბილიტირებულ უბანში. ვფიქრობ,  ქუთაისის დღესასწაული  ოპერის თეატრთან, მესხიშვილის თეატრთან, თეთრ ხიდთან,  მეფეთუბანთან, პირველ გიმნაზიასთან უნდა აღინიშნებოდეს.  ამ შემთხვევაში, მე დღევანდელ ხელისუფლებას არ დავუწუნებ არჩევანს, რომ „სავარდო და სამაისოსთან“ შედარებით გვირილობაზე აკეთებენ არჩევანს. თუმცა,  ჩვენ გვქონდა ტრადიცია ყოველ გვირილობის დღეს, ახალ ინფრასტრუქტურულ ობიექტს შევმატებდით ხოლმე ჩვენს ქალაქს, რასაც ახლა ვერ ვხედავ“, -განაცხადა გია თევდორაძემ

მისი თქმით, მართალია,  გვირილობა თავისი არსით ქართული ტრადიცია არ არის და ის ევროპიდან შემოვიდა, მაგრამ საქართველოში, მხოლოდ ქუთაისმა აიტაცა ეს საქველმოქმედო წამოწყება, რაც  დამახასიათებელი ქუთაისისათვის,  მისი ევროპელობა,  ამიტომ ვაქციეთ ჩვენ ის ქალაქის დღესასწაულად -  განმარტა  გია თევდორაძემ. ეს ის ღონისძიებაა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან თანხის დახარჯვა ღირს, რადგან ეს ზრდის ქუთაისის ცნობადობას.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე