ინტენსიური განათლების ცენტრი ქუთაისში- ღია სივრცე განათლებისა და ინოვაციებისათვის
ქუთაისში, ინტენსიური განათლების ცენტრის პრეზენტაცია დამფუძნებლებმა მასწავლებელთა პროფესიულ დღეს დაამთხვიეს.
ცენტრის დირექტორის, ლევან ლეკვეიშვილის განცხადებით, ცენტრი ორიენტირებულია დამატებითი განათლების მიცემაზე. „ყველა იმ მსურველისათვის, რომელსაც კვალიფიკაციის ამაღლება სურს, ეს იქნება მოსწავლე, აბიტურიენტი თუ სპეციალისტი, შეუძლია ცენტრის მომსახურებით ისარგებლოს“, -განაცხადა მან.
ცენტრის წარმომადგენლის, ზეკო ხაჩიძის განცხადებით კი, "ცენტრი ღიაა ყველა ინოვაციისათვის. ცენტრს ექნება, როგორც საგანმანათლებლო, ასევე საზოგადოებრივი ფუნქცია".
პრეზენტაციას ქალაქის მერი შოთა მურღულია დაეწრო. მისი თქმით, კარგია თუ ცენტრი სპეციალისტთა გადამზადების პროგრამებსაც აიღებს. მისი თქმით, არის სპეციალობები, რომელზეც მოთხოვნაა, თუმცა ასეთი სპეციალისტების დეფიციტია, "ჩვენს ააიპებშიც იყო შემთხვევები, როდესაც კვალიფიკაციური კადრების მოზიდვა გაჭირდა. მაგალითად, შესყიდვების სპეციალისტი, რომელზეც მოთხოვნა არსებობს, თუმცა ამ უნარ-ჩვევების მქონე ადამიანების ნაკლებობაა",-განაცხადა შოთა მურღულიამ.
როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ბიუჯეტში არის საჯარო მოხელეთა გადამზადებისათვის განკუთვნილი თანხა. "თუ როგორ მოხდება ამ თანხების განკარგვა, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა რესურსი არსებობს და კარგი იქნება, თუ ამაში კერძო ფირმები ჩაერთვებიან", -განაცხადა მან.
ამ დროისათვის ცენტრში ხელშეკრულების ფარგლებში 12 პედაგოგია დასაქმებული. ლევან ლეკვეიშვილის განმარტებით, ეს რიცხვი სავარაუდოდ, 30-მდე გაიზრდება.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















