|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი ჯულაყიძე, ქუთაისელი მოგზაური - დამკვირვებელი, რომელმაც 6 თვე ჯუნგლებში გაატარა

მოგზაურობა 10 წლის ასაკიდან დაიწყო, ცნობილი მოგზაური, კლუბ "თეთრნულდის" დამაარსებელი, მკვლევარი, წერეთლის უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი,  ირაკლი ჯულაყიძე აცხადებს, რომ ბუნებით დამკვირვებელია, მოგზაურობს იმისათვის,  რომ დააკვირდეს.  ცოტა ხნის წინ ინდოეთიდან დაბრუნდა, სადაც 6 თვის განმავლობაში ექსპედიციაში მარტო იმყოფებოდა და პრიმატთა ქცევას აკვირდებოდა. მოგზაურობაზე, მის ცხოვრებასა და საქმიანობაზე ირაკლი ჯულაყიძე "ნიუპრესს" ესაუბრა.

-პირველი "დიდი მოგზაურობა" 10 წლის ასაკში ხვამლის მთის დალაშქვრა იყო, მაშინ ალპინისტთა წრეში დავდიოდი პიონერთა სასახლეში.  მთაში სიარული ჩემთვის უცხო არც იმ დრომდე ყოფილა,  შემდეგ კი ლაშქრობა და მთებში სიარული ჩემი ცხოვრების წესი გახდა, სტუდენტობის დროსაც გვევალებოდა ექსპედიციებში სიარული.

-პროფესიით ვინ ხართ და თქვენი საკვლევი თემა რა უკავშირდება?

-მე ვარ ფიზიოლოგი, ვსწავლობ ადამიანთა და ცხოველთა ქცევას, ცხოველებს ჩვენ ვაკვირდებით როგორც ლაბორატორიულ,  ასევე ველურ გარემოში.  თემა, რომელიც მე ავირჩიე საკვლევად, ძალიან კომფორტული იყო ინდოეთის გარემოში, რადგან ინდოეთში პრიმატები აბსოლუტურად ყველგან არიან გავრცელებული...   ამ კვლევაზე ფიქრი წლების წინ დავიწყე, როდესაც ლენინგრადში ვმუშაობდი - თბილისში ასპირანტურაში სწავლის შემდეგ ლენინგრადში მომიწია მუშაობის გაგრძელებამ,  12 წელი ვმუშაობდი იქ, ექსპეტიმენტული მედიცინის ინსტიტუტში, პავლოვის განყოფილებაში, ეს ის ადგილია, სადაც ცნობილი მეცნიერი ივან პავლოვი ატარებდა თავის ცდებს.  მსოფლიო დონის მეცნიერებთან ვმუშაობდი, 2000 წელს დავბრუნდი საქართველოში, შევარდნაძის მმართველობის წლები იყო, დენი და წყალი არ იყო აქ, მაგრამ მამაჩემის რჩევაც გავითვალისწინე, მეუბნებოდა, სანამ რაიმე შეგიძლია და ამ ხალხს შეალიე შენი ენერგიაო.

ჩემი კვლევა ეხება მთვარის ფაზების გავლენას ქცევაზე.  მთვარე რომ  ყველაფერზე ახდენს გავლენას, მილიონობით ტონა წყალს მიაქცევს და მოაქცევს, ეს ყველაფერი ცნობილია.  ჩინეთსა და საფრანგეთში აქტიურად სწავლობენ, მაგალითად,  წამლების მიცემა, გეგმიური ოპერაციის გაკეთება როდის იქნება ეფექტური. ამ თვალსაზრისით არ ვართ ნოვატორები, მაგრამ ქცევასთან დაკავშირებით რა ცვლილებებს იწვევს, ამ მხრივ აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი არის გამორჩეული. ჩვენ ვირთაგვებზე ცდები ლაბორატორიაში ჩატარებული გვქონდა. ჩვენ ახლა შეგვიძლია ეს შედეგები შევადაროთ ინდოეთში, ველურ გარემოში ჩატარებულ დაკვირვებას. სამი პროექტი განვახორციელეთ - ჯუნგლებში  დაკვირვევა, ტაძრის პირობებში, სადაც ცხოვრობენ პრიმატები და ურბანულ გარემოში. მოხდა კიდევ ერთხელ გადამოწმება ჩვენს მიერ ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების. ჯუნგლებში ვცხოვრობდი, დღისით ვახდენდი ვიზუალურ დაკვირვებას, ღამით ვიწერდი ჯუნგლების ხმებს, მაქსიმალური ინფორმაციის წამოღება შევძელი, რაც შეიძლებოდა ჩემი აღჭურვილობით, გასაკეთებელია კიდევ ერთი ექსპედიცია, წასაღებია აეროგადაღების, ფოტო ხაფანგების, ღამის ხედვის კამერები, კომპიუტერული პროგრამებია შესაქმნელი, რომელიც დათვლის ყოველი ქცევის აქტს, ძალიან დიდი რესურსია ჩასადები და ერთი ადამიანის მიერ ყველაფრის ამის შესრულება რთული იყო. მაქვს  არაჩვეულებრივი  ვიდეო კადრები, ველურ ბუნებაში გადაღებული... მთელი ერთი თვის განმავლობაში ვაკვირდებოდი ვეფხვის ხმებს...

- ექსპედიციაში მარტო ყოფნა რთული არ იყო?

-ვიყავი მარტო და რულიად კონცენტრირებული ჩემს დაკვირვებაზე. ექსპედიციის მესამე თვეს შემომიერთდნენ ჩემი ინდუსი მეგობრები და კოლეგები, ისინი ახდენდნენ დაკვირვებას მზის აქტივობის მხრივ, რის შესახებაც ინფორმაციას გამიზიარებენ. ერთი პროექტი ერთად განვახორციელეთ, შემდეგ მე ისევ მარტო გავაგრძელე ექსპედიცია.  ამ 170 დღის განმავლობაში ყოველწამიერად მობილიზებული ვიყავი მხოლოდ საქმეზე. დილის 5 საათიდან დაღამებამდე გაწერილი მქონდა ყოველი მომენტი. დაკვირვების ობიექტი იყო ყველაფერი, გარდა პრიმატებისა, 70 -100 ფარშევანგი მოძრაობდა ჩემს თვალწინ, რა თქმა უნდა, მათ უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი...

-ხომ არ აპირებთ თქვენს მიერ გადაღებული  ეს ვიდეო მასალა ფილმადაც აქციოთ?

-ძალიან დიდი სურვილი მაქვს. გარდა ჯუნგლებისა, გადაადგილების დროს ვხვდებოდი წმინდა ადგილებში, უნიკალური კადრები მაქვს ტრადიციების, კულინარიის,  წეს-ჩვეულების, წმინდა ადგილების, აშრამების შესახებ. ვფიქრობ,  როგორც ალპინისტთა და მოგზაურთა კლუბ "თეთრნულდის" წარმომადგენელმა გავაკეთო 42 წუთიანი  ფილმი ინდოეთში ჩემი მოგზაურობის შესახებ. უამრავი ბავშვი მყავს გადაღებული, თვითონ ინდუსებს რომ ვაჩვენებდი კადრებს, მეუბნებოდნენ, მეორე "ბარაკას" იღებ, სიყვარულით გაქვს ყველაფერი აღბეჭდილიო.

ყველა ინტერესდებოდა, ვინ ხარ, საიდან და მეც ვიწყებდი ახსნას, ვინაა ქართველი, რა კავშირია ინდოეთსა და საქართველოს შორის და რა კავშირი შეიძლება იყოს მომავალში. უაღრესად კულტურული ერია და მე შევეცადე ბევრი ანალოგია მომეძებნა ქართველებსა და ინდუსებს შორის. გვაქვს ლინგვისტური ანალოგიები, მაგ: დუნია- სამყარო, პური იქაც პურია, კიბე, ტახტი, დოსტი, დუქანი, რაც მთავარია,  ეს ხალხი გამუდმებით ღმერთს ახსენებს, მშობლების პატივისცემა, დედმამიშვილების სიყვარული, უფროს-უმცროსობა, მეგობრების სიყვარული,  სტუმართმოყვარეობა მათთვის ისეთივე მნიშვნელობანია, როგორც ჩვენთვის.  გასაგებია, რომ სტუმრის პატივისცემა ყველგან იციან,  მაგრამ "სტუმარი ღვთისაა", მე  სხვაგან არ მომისმენია.  ინდოეთი ძალიან მრავალფეროვანი,  ღრმა  და მრავალშრიანია, განსხვავება ძალიან დიდია, თუმცა ყველა ვინც ჩადის, ეძებს მსგავსებას. პირველი შოკი მაშინ  მივიღე, როდესაც ჩავედი ჰიმაჩალპრადეშში -  ინდოეთის "სვანეთში" დავინახე,  რომ ახურავთ ხევსურული ქუდები, იგივე ფერთა გამა და ორნამენტები, მითხრეს, რომ ეს ტრადიციული, ჰიმაჩალური ქუდია. თითქმის ყველა შტატში ვიყავი, სადაც მეგობრები შევიძინე და საქართველოში დავპატიჟე.

-ამ კვლევით რა შედეგს ელოდებით?

-გარდა ფილმის მასალებისა,  ორი სადოქტორი დისერტაციის მასალა მაქვს ჩამოტანილი, რომელიც დასამუშავებელია, კვლევები გასაგრძელებელი, სამეცნიერო სტატიები მოსამზადებელი. 

 -თქვენ როგორ "თეთრნულდის" წევრი მრავალ ქვეყანაში იმყოფებოდით,  როგორც მოგზაური, ამ მოგზაურობების შესახებ რას იტყვით? 

-კლუბს ოფიციალური სახე 2012 წლიდან მივეცით - არის ალპინისტთა და მოგზაურთა კლუბი "თეთრნულდი", ჩვენ დაკავებული ვართ  ექსტრემალური სპორტის სახეობებით - ალპინიზმით, სპელეოლოგიით, კანიონინგით, რაფტინგით, ამასთან ვაწყობთ სამეცნიერო კვლევით ექსპედიციებს, დალაშქრული გვაქვს მწვერვალები, აღმოჩენილი გვაქვს მღვიმეები, საყავრიას მღვიმე, მურადის მღვიმე, "ნეიშენალ ჯეოგრაფიკის" ჟურნალისტიც იყო ამის გამო ჩამოსული, ექსპედიციით  ირანში ვიყავით,  ინდოეთშიც ვიყავით შარშან,  ბუბა კუდავასთან ერთად ვიყავით თურქეთში, დიდი წვლილი მიგვიძღვის ოკაცეს, ტობავარჩხილას პოპილარიზებაში და სხვა მრავალი... ახლაც ვმუშაობთ ქუთაისის ირგვლივ ახალი ტურისტული მარშრუტების შემუშავებაზე. ჩვენი კლუბი მოლაშქრეთა ფედერაციის წევრია, ძალიან ბევრი მიმართულებით სერთიფიცირებულები ვართ, გვაქვს ძალიან კარგი საერთაშორისო კონტაქტები კლუბების დონეზე, როგორც ევროპაში, ასევე აზიაში. დიდია ჩვენი არეალი, ყოველწლიურად გვყავს უცხოელი სტუმრები ექსპედიციებში მონაწილეობისათვის, გვაქვს სოციალური აქტივობები...სამაშველო ოპერაციებშიც მიგვიღია მონაწილეობა.

-რა არის მოგზაურობის ხიბლი? 

-ის რაც ჩემთვის ბედნიერებაა, შეიძლება სხვისთვის ტანჯვა იყოს, რომ კარავში გაათიოს ღამე, ხანდახან კარავიც არ ქონდეს, ან მოშივდეს, დღეში 30 კილომეტრი ფეხით ქონდეს გასავლელი, ეს ძალიან ბევრი ადამიანისათვის საშინელი დისკომფორტის შემცველია, მაგრამ ჩემთვის ბედნიერებაა.  ფიზიოლოგიურად, ალბათ ეს ისაა, რომ ითხოვ ადრენალინის დოზებს, როცა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გადიხარ, სულ რომ ხიფათში და შენი თავის გამოცდაში ხარ, ამ დროს ძალიან დიდი დოზა ადრენალინი გამოიტყორცნება თავის ტვინში, შემდეგ ორგანიზმი ამას ეჩვევა და ის დოზები რომ აკლდება, დისკომფორტს განიცდი.  

-მეცნიერი ბრძანდებით, ხშირად ახსენებთ რელიგიას, როგორ ათავსებთ მეცნიერებას და რელიგიას ერთმანეთში?

-მეცნიერება და რელიგია თავიდან ერთად იყო. ყველა რელიგიური ტექსტი არის ინფორმაცია სამყაროსა და ადამიანის  კონსტიტუციის შესახებ. ძალიან ბევრი რელიგიური ტექსტი მაქვს წაკითხული, ბიბლია და ყურანი  თავიდან ბოლომდე მაქვს წაკითხული, პოპოლვუჰი - ცენტრალური ინდიელების წმინდა წიგნი,   ავესტა- ზოროასტრიზმის წმინდა წიგნების კრებული, პანჩატანტრა და სხვა ტექსტები.. ფაქტიურად,  სამყაროს და ადამიანის შესახებ ინფორმაცია ყველგან ერთი და იგივეა, ოღონდ  სხვადასხვა  ტერმინებით არის გადმოცემული, რაც შეეხება  წესებსა  და რიტუალებს, ეს  კულტურული განსხვავებების მიხედვით აქვთ ადამიანებს. 

  

-ამ ექსტრემალური მოგზაურობების დროს თუ იყო შემთხვევები, როდესაც, როგორც იტყვიან, "სიკვდილს ჩახედეთ თვალებში"?

-ასეთი შემთხვევების მეტი რა ყოფილა, ზამთარში მღვიმე წყლით დაფარულა და წამებში გამოგვისწრია, ერთხელ წყალქვეშ ყვინთვის დროს ხელი შევყავი ღრმად ნაპრალში, მაგრამ უკან ვეღარ გამომქონდა, ამ დროს ჟანგბადიც მითავდებოდა და პანიკაში ჩავვარდი, მაგრამ დავიმშვიდე თავი და მოვახერხე ხელის გათავისუფლება.  ასეთი შემთხვევები ბევრჯერ მქონდა, ერთხელ ცხენმა გადმომაგდო, 4 ნეკნი გავიტეხე, ქვიან ადგილზე დავეცი, მაგრამ საბედნიეროდ, თავი გადამირჩა. ერთხელ მივცოცავდი კლდეზე და მთელი კლდე ჩამოიშალა და ქვეშ მომიყოლა, გატეხილი ნეკნით და მოტეხილი ხელით გავაგრძელე ექსპედიცია... ჩამოსვლის შემდეგ ესპანეთში გავფრინდით კონფერენციაზე, ისე რომ ექიმთანაც ვერ მოვახერხე მისვლა. ერთხელ მე,  გიგა შუბითიძე და გიორგი ენუქიძე ტობავარჩხილაზე მივდიოდით,  გამოვიარეთ ქედი და ზუსტად ნახევარ საათში ის ადგილი,  რომელიც უკან მოვიტოვეთ, მთლიანად მოწყდა და ხრიალით ჩავიდა ხეობაში, ვიდეოც გვაქვს ამის გადაღებული... ღმერთს როგორ არ ახსენებ ასეთ დროს?  ჩვენ რომ ცოტა გვიან გამოგვევლო..

-როგორ ფიქრობთ,  შემთხვევითობაა ეს, რომ გამოასწარით, თუ ბედისწერის გწამთ?

-ყველაფერი არის კანონზომიერება, ჩემი აზრით, შემთხვევითობაა ის კანონზომიერება, რომლის ახსნა ადამიანს ან არ შეუძლია, ან ეზარება. მე ასეთი დამოკიდებულება მაქვს, სიკვდილიც განსაზღვრულია წინასწარ. აქ სიკვდილი სხვა სამყაროში დაბადებაა. ჩვენ რომ აქ დავიბადებით, განსაზღვრულია, კიდევ როდის "დავიბადებით" სხვა სამყაროში, ეს არის მარადიული დაბადების პროცესი...  ამ დროს ცნობიერება  ნარჩუნდება...

 -იქაც აპირებ მოგზაურობას?

-აუცილებლად, რომ მოვკვდები, მერე ვაპირებ იქაურ ექსპედიციაში მოგზაურობას. ერთხელ მკითხეს, რომელ დროში იცხოვრებდითო, მე ვუპასუხე, ღმერთი რომ სამყაროს ქმნიდა, იმ ერთ კვირაში მეთქი. მე ვიქნებოდი დამკვირვებელი სამყაროს შექმნის ლაბორატორიის... ზოგადად, ყველაფერს ვაკვირვები, ეს არის ჩემი ცხოვრების წესი,  მე ვარ მოგზაური, მაგრამ ბუნებით დამკვირვებელი... 

-რას მიხვდით ამ დაკვირვებით?

- მე მივხვდი, რომ ადამიანი ბედნიერებისთვისაა გაჩენილი, არავითარ შემთხვევაში, სხვისი ცხოვრებით არ უნდა იცხოვრო. თუ გინდა, ბედნიერი იყო,  უნდა გქონდეს პოზიტიური ფიქრები როგორც სხვაზე, ასევე საკუთარ თავზე, ამას მივხვდი მთელი  ცხოვრების დაკვირვებით. 

-რა გენატრებათ მოგზაურობის დროს?

-ექსპედიციიის დროს  მონატრების და ნოსტალგის დრო არ რჩება, თუმცა, თუ რამე შეიძლება მოუნდეს ადამიანს მთელი სულით და გულით, ეს ქუთაისის ქუჩებში გამარჯობის თქმაა - ყველას რომ იცნობ და უხარიათ შენი დანახვა, შენც გიხარია. აშკარად სიყვარულს ვგრძნობ, მით უფრო ჩემი მეგობრებიდან, კარგი მეგობრები მყავს, მათ შემაძლებინეს ეს ექსპედიცია. ჩემი მეუღლე ასევე ჩემი დიდი მეგობარია,  ამ მხრივაც გამიმართლა, მყავს არაჩვეულებრივი  მეუღლე და ორი შვილი,  მათე და დავითი, უფროსი სტუდენტია, მათე წარმატებული მოსწავლე, ორივეს უყვართ მოგზაურობა, ერთად შემოვლილი გვაქვს საქართველო და ასე ვაპირებთ გაგრძელებას.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა