„კარგი ახალგაზრდობა მოდის ქუთაისიდან, ქვეყნის ნაკრებები ივსება ამ ბავშვებით“
მრავალგზის მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი, წარმატებული ქართველი სპორტსმენი ნინო სალუქვაძე ქუთაისში იმყოფებოდა. სალუქვაძეს ქუთაისის მერი შოთა მურღულია და ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელი ნინო უჩაძე შეხვდნენ. შეხვედრაზე სპორტის მხრივ ქვეყანასა და ქუთაისში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს.
ნინო სალუქვაძის განცხადებით, სახელმწიფოში სპორტი არ არის პრიორიტეტული, რაც საერთო შედეგებზეც აისახება.
„ქვეყანაში სპორტის არ არის პრიორიტეტი, არ ხდება დაფინანსება და სპორტსმენებითვის ყურადღების მიქცევა. ამიტომ ის შედეგები, რაც ოლიმპიადაზე მივიღეთ, არის ძალიან კარგი. ყველა გმირულად იბრძოდა და მოპოვებული ლიცენზიების რაოდენობით კარგი შედეგიც ვაჩვენეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ქუთაისის მერს, რადგან ვიცი, რომ მისთვის სპორტი და სპორტის სახეობების მხარდაჭერა პირველ ადგილზეა, ნამდვილად ბევრი რამ კეთდება ქუთაისში. კარგი ახალგაზრდობა მოდის ქუთაისიდან, ქვეყნის ნაკრებები ივსება ამ ბავშვებით“, - განაცხადა ნინო სალუქვაძემ.
მან ქუთაისში ტყვიის მსროლელთა სკოლის ბავშვებს საჩუქარად კომპიუტერი გადასცა.
ქუთაისში იმყოფებოდა ასევე წარმატებული მსროლელი მეგი ხუბულაშვილი, რომელიც 22 წელია საქართველოში არ ყოფილა. სპორტსმენებს მასპინძლობა ნინო უჩაძემ გაუწია, რომელიც სპორტის ამავე სახეობაში ერთ-ერთი წარმატებული სპორტსმენია.
სპორტსმენებს ქალაქში არსებული სპორტული ცხოვრების დაინტერესებისთვის მადლობა ქუთაისის მერმა გადაუხადა. შოთა მურღულიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის სპორტულ ცხოვრებაში ტყვიით სროლას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
ქალაქის მერმა სპორტსმენებს სამახსოვროს საჩუქრები გადასცა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















