ლია გვენეტაძე: ნუ დაუჭერთ მხარს „ფულის ტომრებს“
ქუთაისის #47 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლია გვენეტაძე აღნიშნავს, რომ წელს ქუთაისში დარეგისტრირებული კანდიდატების თითქმის მესამედი ქალია, რაც უდავოდ მისასალმებელი ფაქტია. თუმცა, გვენეტაძე აქვე აცხადებს, რომ გენდერულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ქალი კანდიდატების მიმართ ნაკლებ მხარდაჭერას იჩენენ.
„ამ საკითხებში მთლიანად მოიკოჭლებს გენდერული ქსელი საქართველოში. პარლამენტშიც არსებობს გენდერული საბჭო, რომლის თავმჯდომარე მანანა კობახიძეა. ქუთაისის თვითმმართველობასთანაც არსებობდა გენდერული საკონსულტაციო საბჭო. მე მესამედ ვიღებ უკვე არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ მათგან არანაირი თანადგომა, არც რჩევა, არც მხარდაჭერა არ მიმიღია“, -განაცხადა ლია გვენეტაძემ.
ის წარმოადგენს „ქალთა პარტიას“, რომელიც საარჩევნო ბლოკში „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ არის გაერთიანებული.
გვენეტაძე მთავარ კონკურენტად "საზოგადოების დაბალ შეგნებას" ასახელებს. ის მოუწოდებს ამომრჩეველს, გაცნობიერებული არჩევანი გააკეთონ და ნუ დაუჭერენ მხარს „ფულის ტომრებს“, რომლებმაც პარტიებს სოლიდური თანხები შესწირეს და ამ ფულს ხალხის ზურგზე ამოიღებენ.
ლია გვენეტაძის თქმით, ის იზიარებს თამაზ მეჭიაურის შეხედულებებს საგარეო ორიენტაციის საკითხებთან დაკავშირებით. მისი თქმით, რუსეთი ანგარიშგასაწევი ძალაა და მასთან დიალოგი უნდა დაიწყოს. პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში კი ადამინის უფლებების, ქვეყნის ეკონომიკური მოწყობისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მუშაობას გეგმავს. „მე არ მიმაჩნია სწორად, როდესაც მეკითხებიან, თუ რას გავაკეთებ ქუთაისისათვის. პარლამენტში ვეცდები მოვიზიდო თანამოაზრეები და მათთან ერთად კოლაფსიდან გამოვიყვანო ქვეყნის ეკონომიკა, ამით ქუთაისსაც ეშველება“-აღნიშნავს ის.
რაც შეეხება პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხს, გვენეტაძე აცხადებს, რომ ის თავის დროზე არ იყო მომხრე პარლამენტის ქუთაისში გადმოტანის, მაგრამ რადგან ეს უკვე შემდგარი ფაქტია, მისი ფუნქციონირების გაგრძელებას საჭიროდ მიიჩნევს. ოღონდ მას საპარლამენტო მოწყობასთან დაკავშირებით თავის მოსაზრება აქვს. მისი თქმით, როცა პარლამენტი გახდება ორპალატიანი, უპრიანი იქნება, თუ ერთი პალატა ქუთაისში იმუშავებს.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















