"მე, პარტიასთან ერთად ჩაძირული ამ არჩევნებზე, ინდივიდუალურად გავაგრძელებ საქმიანობას"
"მე, პარტიასთან ერთად ჩაძირული ამ არჩევნებზე, ინდივიდუალურად გავაგრძელებ საქმიანობას", -აღნიშნა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
მან განცხადება "რესპუბლიკური პარტიის" დატოვების შესახებ გააკეთა. უსუფაშვილის თქმით, ის არ იმუშავებს სამთავრობო თუ სასამართლო თანამდებობებზე, რჩება ოპოზიციურ ველზე, თუმცა სამი თვის განმავლობაში პროცესებს მხოლოდ დააკვირდება და გეგმას შეიმუშავებს. უსუფაშვილის თქმით, საჭიროა ქვეყანაში ძლიერი მემარჯვენე პარტიის ჩამოყალიბება, რომელსაც თავისი ელექტორატი ეყოლება.
"2020-ის საპარლამენტო არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს ქვეყნის მართვის სრულფასოვანი რესურსის მქონე ახალი ტიპის პოლიტიკურმა მოთამაშემ, რომელსაც პოლიტიკურ-გენეტიკურ კოდში ექნება მრავალპარტიულობის აუცილებლობა და არა მისი მიუღებლობა, შეცვლადობა და არა შეუცვლელობა, ერთ-ერთობა და არა ერთადერთობა. მხოლოდ ამის შემდეგ დადგება ფეხზე მყარად ის, რაც მართლაც ერთადერთი და შეუცვლელია - ქართული სახელმწიფო, რომელიც ჩვენს სამშობლოს სათანადოდ უპატრონებს"-განაცხადა მან.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მას უთანხმოება ჰქონდა თავის თანაგუნდელებთნ, თუმცა პარტიის დატოვება არჩევნებამდე არ იქნებოდა სწორი. კითხვაზე, აპირებს თუ არა თანამშრომლობას ირაკლი ალასანიასთან, უპასუხა: "არ მაქვს არანაირი კონკრეტული გეგმა და სქემა, ვის შევხვდები ამ წუთის შემდეგ".
"მე ჯერ არ მქონდა გადაწყვეტილი თქვენთან შეხვედრა, თუმცა არსებობს სააგენტოები, რომლებმაც ისიც კი იციან, რაც ჩვენ არ ვიცით საკუთარ თავზე",- განმარტა უსუფაშვილმა. მისი თქმით, განცხადების გაკეთება მედიაში ინფორმაციის გაჟონვამ დააჩქარა. კითხვაზე, დატოვებს თუ არა პარტიას თინა ხედაშელი, უსუფაშვილმა აღნიშნა- "თინა არ აპირებს ჩემს დატოვებას, პარტიულად რას იზამს, არ ვიცი ჯერ".
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















