"მემარცხენე ალიანსი" ქუთაისში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოითხოვს
"მემარცხენე ალიანსის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამაზ მახარეიშვილმა სავალი გზის ნაწილის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით პარტიის მხარდამჭერებთან და ქუთაისის ს.მახვილაძის ქუჩის მცხოვრებლებთან ერთად აქცია გამართა და შესაბამისი ორგანოებისგან ამ პრობლემატური საკითხის მოგვარება მოითხოვა.
„მოვითხოვთ, რომ გამოიყოს შესაბამისი რესურსი, რათა მოხდეს პირველ რიგში, სანიაღვრე არხების მოწესრიგება და სავალი ნაწილის მოხრეშვა. უნდა აღინიშნოს, რომ თანადაფინანსების ფარგლებში ქალაქში განხორციელდა რიგი ქუჩების ზოგან ნაწილობრივი, ზოგან კი სრული რეაბილიტაცია. აღნიშნული ქუჩის მოსახლეობის არაერთი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, ამ პროექტში სამომავლოდ ეს ქუჩა ჩასმული არ არის. ამიტომ მივმართავთ ქალაქის ხელმძღვანელობას, რომ მათ მიერ დასახელებული ხელისშემშლელი მიზეზი, თითქოს წყლის მაგისტრალური სისტემის გაყვანის გამო ვერ ხერხდება ქუჩის რეაბილიტაცია, არასწორია, ვინაიდან სანიაღვრო არხების მოწესრიგება და გზის სავალი ნაწილის დაგრუნტვა თუ მოხრეშვა ხელს არ შეუშლის წყლის მაგისტრალის მოწესრიგებას"–განაცხადა თამაზ მახარეიშვილმა.
მისივე თქმით, გაურკვეველია როდის დაიწყება და მოგვარდება წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
"მოქალაქეები ვერ ახერხებენ საკუთარ სახლებში ნორმალურად გადაადგილებას, სასწრაფო სამედიცინო დახმარება ვერ მიდის დროულად გამოძახების ადგილამდე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ, პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსის“ მხარდამჭერები და წარმომადგენლები მახვილაძის ქუჩის მოსახლეობასთან ერთად, მოვითხოვთ, რომ გამოიყოს შესაბამისი რესურსი, რათა მოხდეს პირველ რიგში, სანიაღვრე არხების მოწესრიგება და სავალი ნაწილის მოხრეშვა. შესაბამის სამსახურებს ისედაც ევალებათ ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება და ყურადღების მიქცევა და ვალდებულნი არიან მოაწესრიგონ მსგავი პრობლემები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიულ ორგანოებში“, განაცხადა თამაზ მახარეიშვილმა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















