მესხიშვილის თეატრი ჟურნალისტებს ურთიერთობის ახალ წესებს სთავაზობს
მესხიშვილის თეატრის ადმინისტრაცია ჟურნალისტებს ურთიერთობის წესების შეცვლას სთავაზობს, რის მიზეზადაც რეპეტიციებისა და სპექტაკლების შეუფერხებლად მიმდინარეობა და თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია სახელდება. ახალი წესები საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა მედია საშუალებებს ეხება, რომლებიც მესხიშვილის თეატრს სამუშაო მისიით ესტუმრებიან.
როგორც თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, თეატრში ჟურნალისტების ქაოსურად მუშაობა აფერხებს სპექტაკლის მიმდინარეობასა და ხელს უშლის მსახიობებს.
"ჟურნალისტმა, რომელიც თეატრში შემოდის, ნებისმიერი სამუშაო მისიით, უნდა გაიაროს აკრედიტაცია თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. მას გადაეცემა სპეციალური ბარათი. საპრემიერო სპექტაკლზე ჟურნალისტები დაიშვებიან გენერალურ რეპეტიციაზე, მოახდენენ გადაღებას და სიუჟეტის მომზადებას. რაც შეეხება პრემიერის დღეს, ისინი განთავსდებიან ამფითეატრში, ვიდეო და ფოტოს გადასაღებად გამოეყოფათ მხოლოდ 15 წუთი. ეს არის დადგენილი წესი, რომელიც მოქმედებს ყველა თეატრში, რომ ხელი არ შეეშალოს მსახიობების მუშაობას", –განაცხადა სულხან გოგოლაშვილმა.
მისივე თქმით, გადაღება აკრძალულია სპეციალური განათებით და წინასწარი შეთანხმების გარეშე. ჟურნალისტები, რომლებიც პრემიერაზე იქნებიან მიწვეული, პარტერის მესამე რიგში განთავსდებიან.
ადმინისტრაცია აცხადებს, რომ წესი ვრცელდება ყველა მედია საშუალებაზე და სავალდებულოა მისი შესრულება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















