მესხიშვილის თეატრის მცირე სცენაზე სეზონი გაიხსნა
ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მცირე სცენაზე ახალი სეზონი რეჟისორ კოტე აბაშიძის სპექტაკლით „დუპლეტი“ გაიხსნა. რეჟისორმა ერთ სპექტაკლში ორი პიესა - ვაცლავ ჰაველის „აუდიენცია" და ჰაროლდ პინტერის „წასვლამდე“ გააერთიანა.
სპექტაკლში მესხიშვილის თეატრის მსახიობები: ელზა სულაძე, დავით როინიშვილი და ზვიად სვანაძე მონაწილეობენ. პიესების შერწყმის გამო სამი მსახიობი ექვს პერსონაჟს ანსახიერებს.
ადამიანური დრამა ორმოქმედებიანია. პირველი ამბავი პირველ მოქმედებაში სრულდება, თუმცა პერსონების განსხვავების მიუხედავად, ორ ამბავში მაინც არის საერთო. მთავარი იდეა, რომელიც ერგება ყველა დროს ადამიანების სისასტიკეს, ბოროტებას, სიყალბესა და შიშს განასახირებს. დრამაში კარგადაა ნაჩვენები ძალაუფლების მახინჯი მხარეები და შიში „სტატუსის“ დაკარგვის გამო. სწორედ ეს შიში უკარგავს ადამიანებს სახეს და მათ ყოფას შემზარავს ხდის.
„დუპლეტი“ მესხიშვილის მცირე სცენაზე 2012 წელს დაიდგა. თავად მცირე სცენა, როგორც ახალი სივრცე თეატრში რვა წლის წინ დაარსდა და ამ დროის მანძილზე 9 სპექტაკლი დაიდგა.
მცირე სცენა ახალ სეზონს რეაბილიტირებული შეხვდა, განახლდა სცენა, შეიცვალა სავარძლები, რომელიც მოზარდ მაყურებელთა თეატრმა უსახსოვრა მესხიშვილის თეატრს.
მცირე სცენის აქტიურ დატვირთვას გეგმავს თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი.
„წლის განმავლობაში დიდ სცენაზე ჩვენი გეგმა 10 სპექტაკლია და ვასრულებთ ამ გეგმას. რაც შეეხება მცირე სცენას, მე რაც მოვედი, პრემიერა არ გვქონია, მაგრამ ვგეგმავთ ძალიან კარგ სპექტალს. ლევან ბიბილეიშვილის რეჟოსორობით ვაპირებთ კლასიკადქცეული „მოჩვენებანის“ დადგმას. გვინდა, დავტვირთოთ მცირე სცენა, რადგან მაყურებელი, რომელიც წყალობს ჩვენ თეატრს მრავალრიცხოვანი არაა, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ სივრცის ათვისება. ზოგადად, რთულია მცირე სცენაზე თამაში, პირისპირ დგახარ მაყურებელთან“–განაცხადა სულხან გოგოლაშვილმა.
სეზონის გახსნას თეატრის მოწვევით ქუთაისის მერი შოთა მურღულია და „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ესწრებოდნენ.
სულხან გოგოლაშვილის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ გამართულ პრემიერას „პერტენტუმ მობილე“ კობა ნარჩემაშვილი დაესწრო, რომელიც დაინტერესდა, როდის იყო მომდევნო სპექტაკლი, რადგან მაჟორიტარი დეპუტატობის სხვა კანდიდატებმაც გამოთქვეს სპექტაკლზე დასწრების სურვილი, ამიტომ თეატრის დირექტორმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სპექტაკლზე მიიწვია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















