"ცნობების მოპოვება, თუ სხვა სანოტარო მომსახურება, მოქალაქისთვის სრულიად უფასო იქნება"
პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონის ამოქმედება უმნიშვნელოვანესი საკითხია მოსახლეობისთვის.
გიორგი კვირიკაშვილი განცხადებით, დღეს დარეგისტრირებულია მიწის მხოლოდ 25 პროცენტი, რაც დიდი პრობლემაა, მათ შორის კერძო სექტორისთვის, რადგან მოსახლეობა ვერ ახდენს მის მფლობელობაში არსებული მიწის კაპიტალიზაციას და ეკონომიკური საქმიანობისთვის სრულად გამოყენებას.
„პროგრამის დასრულების შემდეგ, ჩვენ, ამ მიმართულებით, გაცილებით უფრო ჯანსაღი და სრული სურათი გვექნება. ეს ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, სოფლის მეურნეობის განვითარებას, ხოლო, მეორე მხრივ, მიწის ბაზრის მოწესრიგებას. ამავდროულად, ეს არის, უპირველეს ყოვლისა, სოციალურ საკითხი, რადგან ჩვენი მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტი ჯერ კიდევ არის ჩართული სოფლის მეურნეობაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია სოფლად მოსახლეობის დამაგრებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განმარტა, რომ კანონით, მედიაცია, ცნობების მოპოვება თუ სხვა სანოტარო მომსახურება, მოქალაქისთვის სრულიად უფასო იქნება ერთი წლის განმავლობაში.
„ასევე მოგვარდება არაზუსტი საამზომველო ნახაზის საკითხი, რაც გლეხს ძალიან ბევრ პრობლემას უქმნიდა. ერთი წლის განმავლობაში, ყველამ უნდა დაირეგისტრიროს მიწა, რომელსაც ბევრი ბარიერის გამო აქამდე ვერ ირეგისტრირებდა", - განაცხადა წულუკიანმა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















