|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მტკიცება, თითქოს ნატო-ში გაწევრიანება ტერიტორიული დათმობების ხარჯზე მოხდება, მცდარია

მტკიცება, თითქოს ნატო-ში გაწევრიანება ტერიტორიული დათმობების ხარჯზე მოხდება, მცდარია

მოსაზრება, რომ თითქოს საქართველოს ნატო-ს წევრობის საფასურად ტერიტორიული მთლიანობის დათმობა მოუწევს, უსაფუძვლოა.
მსგავსი ტიპის განცხადებებს სხვადასხვა დროს ის პოლიტიკური ძალები და მედიაპლატფორმები აკეთებდნენ, რომლებიც პრორუსული ორიენტაციით გამოირჩევიან და ამ გზავნილმა ერთგვარი მესიჯბოქსის სახეც კი მიიღო.

აღნიშნული გზავნილის უსაფუძვლობას შემდეგი გარემოებები ცხადყოფს:

  •  ნატოს წესდების მეხუთე მუხლი ტერიტორიების დათმობას არ მოითხოვს

NATO-ს წესდებაში, მით უმეტეს მეხუთე მუხლში, არსად არის მითითებული, რომ ალიანსში გაწევრიანების მსურველ ქვეყანას ტერიტორიული პრობლემები აუცილებლად უნდა ჰქონდეს მოგვარებული.  NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი განმარტავს კოლექტიური უსაფრთხოების ფორმას: თავდასხმა ერთ-ერთ წევრზე ნიშნავს თავდასხმას _ ალიანსზე. ამასთანავე, ნატო-საქართველოს ურთიერთობის მანძილზე ოკუპირებული ტერიტორიები არასდროს განხილულა, როგორც გაწევრიანების დამაბრკოლებელი ფაქტორი.
გერმანია მაგალითია იმისა, რომ მსგავსი სახის წარმოდგენები მცდარია. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ალიანსის წევრი აღმოსავლეთ გერმანიის ოკუპაციის პირობებში 1955 წელს გახდა. ალიანსში გერმანიის გაწევრიანებას ნატო-სა და საბჭოთა კავშირს შორის ომი არ გამოუწვევია.

  • საქართველოს ორი რეგიონი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული

საქართველოს ტერიტორიული პრობლემების მიზეზი არის რუსეთი და არა _ ნატო. სწორედ ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
რუსეთის ღია აგრესიას თუ ცალკეული ჯგუფების სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერას მოწმობს სამხედრო დაპირისპირებები ცხინვალის რეგიონში (1990, 2004), აფხაზეთის ომი (1992-1993) და რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომი (2008 წელი), როდესაც განხორციელდა პირდაპირი ინტერვენცია. საქართველოს ორი რეგიონი _ აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობაც აღიარებს.
სამხედრო კონფლიქტების შედეგად აფხაზეთში განხორციელდა ქართველების ეთნიკური წმენდა, დევნილი გახდა 300 000-ზე მეტი ადამიანი. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღესაც იზღუდება ქართული ენა, ზიანდება კულტურული თუ რელიგიური ძეგლები.
ნატო-საქართველოს ურთიერთობა 1994 წლიდან, ანუ მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის იურისდიქცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე აღარ ვრცელდებოდა. მიუხედავად ამისა, ტერიტორიული პრობლემები არ ყოფილა/არის ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციის ხელისშემშლელი ფაქტორი. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი. ტერიტორიული პრობლემების მოგვარება გაწევრიანების წინაპირობად არასდროს დასახელებულა. წინაპირობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ნატო-ს სტანდარტების დაკმაყოფილებაა.

  • ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ და არ აღიარებს დასავლეთი

ერთადერთი ძალა, რომელმაც გადახედა საქართველოს აღიარებულ საზღვრებს არის რუსეთი. 2008 წლის 26 აგვისტოს, მოსკოვმა აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები (რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება #1260 და #1261). რაც შეეხება ნატო-ს წევრ ქვეყნებს, ისინი აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მკაცრად უჭერენ მხარს არაღიარების პოლიტიკას.

  • აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის რუსეთი ფინანსებს ხარჯავს

სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას რუსეთის გარდა სამი ქვეყანა აღიარებს _ ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ. ამ ქვეყნებს შორის იყვნენ ტუვალუ და ვანუატუ, თუმცა მათ თავიანთი გადაწყვეტილებები შეცვალეს. რუსეთის მხარეს 3,25 მლრდ დოლარი დაუჯდა ამ ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება. მხოლოდ ვენესუელას მხარდაჭერის მოპოვებისთვის კი რუსულმა მხარემ 2.2 მლრდ დოლარი დახარჯა.

 

წყარო: www.eurocommunicator.ge

 

სტატია მომზადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ

ტელ: +995(32) 2 72 35 35

ელ-ფოსტა:  stratcom@mod.gov.ge

ვებ-გვერდი mod.gov.ge

 

ავტორი: