”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის გივი თარგამაძის მანქანა ააფეთქეს
”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის გივი თარგამაძის მანქანა ააფეთქეს. მასში იმყოფებოდნენ თავად გივი თარგამაძე და მისი მძღოლი. მათ სხეულის დაზიანება არ მიუღიათ, პირველადი შეფასებით, თარგამაძეს აღენიშნება კონტუზიის ნიშნები.
აფეთქების შედეგად დაზარალდნენ გამვლელები. სამი მოქალაქე საავადმყოფოშია გადაყვანილი. რაც შეეხება ავტომანქანას, მას უკანა ნაწილი მთლიანად დაზიანებული აქვს. თარგამაძის თქმით, ის რომ უკანა სავარძელზე მჯდარიყო, ცოცხალი ვერ გადარჩებოდა.
აფეთქების დეტალების შესახებ ჟურნალისტებთან თვითონ გივი თარგამაძემ ისაუბრა: ”ჩვეულებრივად, ოფისიდან გამოვედი, როგორც ყოველთვის ვმოძრაობთ. ჩემი მძღოლი იჯდა საჭესთან, ამოვუხვიეთ კოლმეურნეობის მოედანზე და ამოხვევის დროს, უცებ, თავიდან ვერც მივხვდი, მეგონა, წინიდან გვესროლეს რაღაცა. რომ გადმოვედით და ცოტა გონს მოვედით, მე და ჩემს მძღოლს ფიზიკური ბევრი დაზიანება არ გვაქვს, უბრალოდ, ყურებში ცუდად ესმის მასაც და მეც. სამწუხაროდ, ახლა შევამჩნიე ერთი ადამიანი გადაიყვანეს საკაცით”, - აღნიშნა გივი თარგამაძემ, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-თან სატელეფონო ჩართვისას.
მისივე თქმით, მანქანას უკანა ნაწილი პრაქტიკულად მთლიანად მოგლეჯილი აქვს. „აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჩადებული იყო სწორედ უკანა ნაწილზე ან აკრული ეს ასაფეთქებელი და როგორც ჩანს, უკან მოგვყვებოდა მანქანით ის, ვინც დააჭირა დისტანციონს”, - განაცხადა თარგამაძემ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















