"ფინანსების არ ქონის გამო 243–მა პაციენტმა C ჰეპატიტის მკურნალობა შეწყვიტა"
C ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა C ჰეპატიტზე უფასო გამოკვლევა ჩაატარა. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის "რუბიკონი" ორგანიზებით გაიმართა აქცია,სადაც ორგანიზაციის წევრებმა მოსახლეობას დაავადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. დღის ბოლოს კი მრგვალი მაგიდა მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციების, სამედიცინო სფეროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს. შეხვედრაზე იმ პრობლემებზე იმსჯელეს, რამაც ელიმინაციის პროგრამის განხორციელებას, შესაძლოა, ხელი შეუშალოს.
არასამთავრობო ორგანიზაციის "რუბიკონის" წარმომადგენლის, ზაზა ქარჩხაძის განცხადებით, პირველი პრობლემა, ეს არის ნარკოტიკების ინერციულად მომხმარებელთა ჯგუფის დაბალი ჩართულობა მკურნალობაში. მისი თქმით, პრობლემას ისიც წარმოადგენს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება მხოლოდ სოციალურად დაუცველებს აქვთ.
"ნარკოდამოკიდებულები სერიოზულ დევნას განიცდიან, მათ არ აქვთ საშულება, რომ ჩაერთონ C ჰეპატიტის პროგრამაში. შეიძლება, ადამიანი მივიდეს სამკურნალოდ, გზაში გააჩერონ, გადაიყვანონ შემოწმებებზე და მკურნალობის ნაცვლად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვდეს. მეორე პრობლემა, ეს არის არათანაბარი დაფინანსება. სახელმწიფო აფინანსებს 70 % -ს და 30 %–ს იხდის პაციენტი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თითქმის ყველა ქალაქი ადგილობრივი ბიუჯეტიდან არის ჩართული პაციანტების დაფინანსებაში. თბილისი აფინანსებს 100%–ით, ასევე სხვადასხვა რეგიონებში ხდება თვითმმართველობის მხრიდან დაფინანსება. ერთადერთი იმერეთის რეგიონია, სადაც არ ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება",–განაცხადა ქარჩხაძემ.
ქარჩხაძე აღნიშნავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთაისის მერიას სისტემატურად აწვდიან ინფორმაციას.
"მთელს რეგიონში მხოლოდ ქუთაისის თვითმართველობა აფინანსებს სოციალურად დაუცველებს 30%–ით. სოციალურად დაუცველი ადამიანები არ იხდიან მკურნალობაში ჩასმის საფასურს, თუმცა აქ დგება მეორე პრობლემა როდესაც მკურნალობაში ჩაერთვებიან, შუალედური ანალიზები ფასიანია, რის დაფინანსებსაც ვერ ახერხებენ. არის ისეთი შემთხვევებიც, რომ ადამიანები შუა მკურნალობის პერიოდში ფინანსების არ ქონის გამო წყვეტენ მკურნალობას. ასეთი გამოწვევებით, შესაძლოა, სერიოზული პრობლემა შეიქმნას ",–ამბობს ქარჩხაძე.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ფინანსების არ ქონის გამო საქართველოს მასშტაბით 243–მა პაციენტმა მკურნალობა შეწყვიტა.
ქუთაისის მერიაში გვიცხადებენ, რომ სოციალურად დაუცველებს სახელმწიფო 70%–ით, მერია კი 30 %–ით აფინანსებს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















