|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არჩევნების გაყალბება საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებით იწყება"

"რესპუბლიკური პარტიის"  ქუთაისის  N48 საარჩევნო  ოლქის მაჟორიტარმა კანდიდატმა ნატო ქათამაძემ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების შედეგები გააპროტესტა. ქათამაძის განცხადებით,  "ქართული ოცნება" აგრძელებს წინა ხელისუფლების მანკიერ პრაქტიკას და საუბნო საარჩევნო კომისიებში დამოუკიდებელი კანდიდატების ნიშნით საკუთარ პარტიულ მხარდამჭერებს ასაქმებს. ქათამაძის განცხადებით, არჩევნების გაყალბება სწორედ საუბნო კომისიებიოს დაკომპლექტებით იწყება.  ამ ბრალდების დასასაბუთებლად მან წარმოადგინა უბნების დაკომპლექტების დინამიკის ამსახველი ციფრები, რომელზე დაყრდნობითაც განაცხადა, რომ მისი ოლქის 41-ივე უბნის შემადგენლობის შერჩევისას უარი ეთქვათ გამოცდილ ადამიანებს, სანაცვლოდ კი გამოუცდელი  კადრები დასაქმდნენ. 

"საოლქო სააარჩევნო კომისიამ დაასრულა უბნებში ე. წ. დამოუკიდებელი კანდიდატების წარდგენა, თუმცა ეს არის სიტყვით დამოუკიდებლები, რეალურად კი არის "ქართული ოცნების" აქტივი, პარტიული ნიშნით არჩეული. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, თუმცა გვეუბნებოდნენ, რომ მსგავსს ადგილი არ აქვს, თუმცა ჩვენ გვაქვს მასალები, მაქვს კანდიდატების სია და შემდეგ არჩეულების სია და ნახავთ, რომ გამოცდილი ადამიანები არიან სახლში გაშვებული  და მათ ნაცვლად აიყვანეს გამოუცდელი ადამიანები"-განაცხადა ნატო ქათამაძემ.

"გამოცდილი ადამიანების ჩანაცვლება მოხდა სტუდენტებით, მედიცინის სფეროს მუშაკებით, ფარმაცევტებით, მედდებით. მოგეხსენებათ, ჩემი კონკურენტი "ქართული ოცნებიდან" არის დიმიტრი მხეიძე, ექიმი და ალბათობა, რომ ეს ხალხი თამაშობს დიმიტრის თამაშს,  დიდია".

ქათამაძის თქმით,  მას ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიასთან კითხვა არ აქვს, რადგანაც მისთვის ისედაც ყველაფერი ცხადია. თუმცა ოლქის ამ გადაწყვეტილებების ობიექტურობის შესწავლას საარჩევნო პროცესის დამკვირვებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თხოვს. 

 "მე მივმართავ ცესკოს, იქნებ დაინტერესდეს, რა ხდება ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში და რა პრინციპით ხდება ადამიანების შერჩევა საუბნო კომისიებში", -აცხადებს დეპუტატობის კანდიდატი.

 ქათამაძესთან ერთად ჟურნალისტებს შეხვდა ლია აბჟანდაძე, რომელსაც საუბნო კომისიაში დასაქმებაზე უარი ეთქვა.  ლია აბჟანდაძის განცხადებით,  მას, როგორც საუბნო კომისიის დამოუკიდებელ წევრს,  მრავალ არჩევნებში აქვს მონაწილეობა მიღებული და უარი სწორედ მისი პრინციპულობის გამო უთხრეს.   

„რესპუბლიკური პარტიის“  ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბრალდებას საოლქო საარჩევნო კომისია პასუხობს. 59-ე საოლქო კომისიამ საუბნო კომისების წევრების შერჩევა 23 აგვისტოს დაასრულა. თავმჯდომარის თქმით, პრიორიტეტი ახალგაზრდებს მიენიჭათ, რომელთაც საარჩევნო  სკოლის განვითარების სერთიფიკატები ჰქონდათ. 

„პრიორიტები მაინც გამოცდილებას მივანიჭეთ, 75 % შეირჩა გამოცდილი კადრი, მხოლოდ 25 % ახალი. გამოცდილების დასაგროვებლად ამ ადამიანებს მივეცით შანსი. საარჩევნო სკოლის განვითარების სერთიფიკატი ვინც წარმოადგინა, ყველას მივეცი ხმა, გარდა ამისა, შანსი მივეცით სტუდენტებს, რომელთაც საარჩევნო უბნებზე მუშაობის სურვილი ჰქონდათ.  კომისიაში დასანიშნად ადამიანებს რაიმე პროფესიული განათლება არ მოეთხოვენათ, ეს არის შესაბამისი ცოდნის საფუძველზე. ამიტომ მხოლოდ მეოთხედი შეიცვალა“, - განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

 ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიამ საუბნო კომისიის წევრები 128 უბანზე შეარჩია.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა