newpress-ის საგამოძიებო სტატია "გამჭვირვალობა – საქართველოს" კონკურსის გამარჯვებული გახდა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საუკეთესო საგამოძიებო სტატიის ან სატელევიზიო სიუჟეტის გამოსავლენად გამოცხადებული
კონკურსის შედეგები გამოაქვეყნა.
პირველი ადგილი სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტის მიერ მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებას ერგო („მეწარმე პარლამენტარის წინააღმდეგ“).
მეორე ადგილზე, ასევე, სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტის, ცქრიალა შერმადინის გამოძიება გავიდა („მოტყუებული ფერმერები“). ხოლო მესამე ადგილი newpress.ge-ის ("ახალი გაზეთი") ჟურნალისტის, თეა ზიბზიბაძის ჟურნალისტურ გამოძიებას ხვდა წილად („ჩინოვნიკთა კორუფციული სქემები და თანამდებობებით მიღებული წილები ბიზნესში“).
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ქართველი ჟურნალისტებისთვის საუკეთესო საგამოძიებო სტატიის/სატელევიზიო სიუჟეტის გამოსავლენად კონკურსი მარტის ბოლოს გამოაცხადა, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.
მაისის ბოლოსთვის ორგანიზაციაში 10 ნაშრომი შევიდა. აქედან, 5 სატელევიზიო სიუჟეტი და 5 საგაზეთო (ონლაინ) სტატია. გამარჯვებული ნამუშევრები სწორედ მათ შორის შეირჩა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი, ნანა ლობჟანიძე აცხადებს, რომ ორგანიზაციამ საგამოძიებო სტატიის ან სატელევიზიო სიუჟეტის კონკურსის გამოცხადება საგამოძიებო ჟურნალისტიკის წასახალისებლად გადაწყვიტა.
„რადგან ვფიქრობთ, რომ ეს სფერო შედარებით სუსტია ქვეყანაში და იმ ჟურნალისტთა რაოდენობაც არაა დიდი, ვინც ჟურნალისტურ გამოძიებებს ატარებს. არადა, სწორედ საგამოძიებო ჟურნალისტიკაა საუკეთესო საშუალება გამოავლინო კორუფციული სქემები და ჩინოვნიკების მიერ საკუთარი უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენების შემთხვევები,“ – აცხადებს ნანა ლობჟანიძე.
მისივე თქმით,
„გამჭვირვალობა საქართველო“ საკუთარი საქმიანობით ცდილობს საქართველო გახდეს ქვეყანა, სადაც მოქალაქეები პოლიტიკის შექმნაში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც მთავრობისა და ბიზნესის გამჭვირვალედ და ღიად მუშაობა ჩვეულებრივი ყოველდღიურობა იქნება და სადაც კორუფციის შემთვხვევები არც ერთ დონეზე არ იარსებებს.
„ამ მისიის შესასრულებლად აუცილებელია ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა მედია სექტორთან. მედია სექტორი კი თავის მხრივ საქმიანობის მაღალი სტანდარტებით უნდა გამოირჩეოდეს,“ – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი.
თავის მხრივ, მაღალი სტანდარტებისა და საგამოძიებო ჟურნალისტიკის წასახალისებლად
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“
სამომავლოდ, მსგავსი ტიპის კონკურსებს კვლავ გამოაცხადებს.
ავტორი: ნიუპრესი