"თავისუფალი საქართველო" - ქუთაისის მერიაში სკვერების გაიჯარებით ფულს შოულობენ
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია, ქუთაისში იჯარით გაცემული სკვერების ხელშეკრულებების გაუქმებას მოითხოვს.
აღნიშნული მოთხოვნით, წულაია ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს, შოთა მურღულიას მიმართავს.
როგორც წულაია ამბობს, ქუთაისის მერია ქალაქის საკუთრებაში არსებულ სკვერებს დაბალ ფასებში ასხვისებს. რაც იმ მიზეზით ხდება, რომ გაიჯარებული სკვერების მიღმა, სწორედ მერიაში დასაქმებულთა ინტერესები დგას.
"150 ლარს იხდის ქუთაისის ბაზრობაზე დახლთან მდგარი ადამიანი, ხოლო 136 კვ.მ -ზე მთელი წლის მანძილზე მოსარგებლე 1100 ლარს, ანუ თვეში 90 ლარს იხდის. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ თავად მერიის ხალხი ლობირებს ამ სკვერების გაიჯარებას და სკვერების გაიჯარებით ქუთაისის მერიაში ფულს შოულობენ," - განმარტავს წულაია.
მისივე თქმით, ქუთაისის სხვადასხვა ტერიტორიაზე გაიჯარებული სკვერი, ხელშეკრულების მიხედვით, მოსარგებლეს 25 წლით გადაეცემა. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ კი ქუთაისის მერიამ მიწის ნაკვეთი უნდა გამოისყიდოს.
"ესე იგი ადამიანი, რომელიც ამ სკვერის ტერიტორიაზე 25 წლის მანძილზე ორ ტონა ფულს იშოვის, შემდეგ 2038 წლის, ხალხის ბიუჯეტით უნდა გამოისყიდოს მერიამ. ანუ ამათი ვალები ჩვენმა შვილიშვილებმა უნდა გადაიხადოს. რადგან თუ მიწის გამოსყიდვა არ მოხდება, სკვერი მოსარგებლეს დარჩება. ვინც ასეთ ხელშეკრულებებს აფორმებს, სწორედ მათ ინტერესებში შედის ამ გზით ფულის შოვნა," - ამბობს წულაია.
თუმცა როგორც ქუთაისის მერიის ქონების მართვისა და პრივატიზების სამსახურში განმარტავენ, ხელშეკრულების მიხედვით თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული სკვერები და მიწის ნაკვეთები მთლიანად დაცულია.
"25 წლის შემდეგ მოარგებლემ შესაძლოა მოითხოვოს იჯარით სარგებლობის ვადის გაგრძელება. ან არ გააგრელოს და თუ ამ ნაკვეთზე რაიმე ნაგებობაა, მისი გამოსყიდვა მოხდეს. ასევე, იჯარის საფასურის დადგენა საექსპერტო ბიუროს მიერ ხდება და
ამ ხელშეკრულებების მიღმა არავითარი სხვა ინტერესები არ იმალება," - ამბობს ქუთაისის მერიის ქონების მართვისა და პრივატიზების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელიდავით დავით გოგრიჭიანი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის სექტემბრიდან ქუთაისის სხვადასხვა ტერიტორიაზე, სულ პირდაპირი განკარგვის ფორმით 24 სკვერის გაიჯარება მოხდა.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა