|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართულ ბაზარზე ჯანმრთელობისთვის საშიში სამშენებლო მასალა იყიდება

ქართულ ბაზარზე ჯანმრთელობისთვის საშიში სამშენებლო მასალა იყიდება. ექსპერტები მომხმარებელს იაფფასიანი ჩინური და თურქული საქონლის შეძენისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

ექსპერტები ამბობენ, რომ შპალერები, ლამინატი და სხვა მასალა მავნე ქიმიურ მინარევებს შეიცავს და შესაძლებელია, რადიაციული გამოსხივების წყაროც იყოს. რადიაქტიური ნივთიერებები დაშლის შედეგად  გამოყოფენ რადონ 222-ს - საცხოვრებელ სახლებში გავრცელებულ ყველაზე საშიშ რადიაქტიურ აირს. 

საქართველოში უხარისხო ლამინირებული იატაკი ძირითადად ჩინეთიდან და თურქეთიდან შემოდის. ექსპერტების განცხადებით, ასეთი იატაკი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებებით მზადდება, ის მხოლოდ ქიმიური შენაერთებით მზადდება და საერთოდ არ შეიცავს ხეს. 

მათი თქმით, მსგავსი მასალების მოხმარება სრულად არის აკრძალული ევროკავშირის ქვეყნებში, ანუ ევროკავშირთან ადაპტირების პროცესში ჩვენს ქვეყანაში ჩინეთიდან და თურქეთიდან ლამინირებული იატაკის იმპორტი სრულად უნდა აიკრძალოს. 

ამ მოსაზრებას იზიარებს პარკეტის საწარმოს „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დირექტორი ჯემალ ფერაძე, რომელიც ამბობს, რომ მსგავსი იატაკი დამზადებულია დაპრესილი მუყაოს, ნახერხისა და წებოსგან და გავლილი აქვს ქიმიური გადამუშავება, რის გამოც არა მხოლოდ უხარისხოა, არამედ ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. 

მისი თქმით, საფრთხის თავიდან ასაცილებლად მომხმარებელმა ადგილობრივ ნაწარმს უნდა მიანიჭოს უპირატესობა, რომელიც ხისგან მზადდება. 

სამშენებლო მასალების ხარისხს სამშენებლო კოდექსიც ეხება. 

 მან საკანონმდებლო დონეზე უნდა მოაწესრიგოს როგორც მშენებლობის ფორმა, ასევე საშენი მასალების ზემოქმედება ჯანმრთელობასა და გარემოზე, ტექნიკური რეგულირების საკითხები კი კანონქვემდებარე, სამართლებრივ აქტებში დარეგულირდება.

შესაბამის აკრედიტაციას, სავარაუდოდ, რამდენიმე კომპანია მიიღებს – ესაა ფორმა, რომელსაც ევროკავშირის არაერთი ქვეყანა მიმართავს. კოდექსში ნათქვამია, რომ სამშენებლო მოედანზე აუცილებელია იმყოფებოდეს როგორც უსაფრთხოების ოფიცერი, ასევე ტექნიკური ზედამხედველი, რომელიც მშენებლობის ხარისხს გააკონტროლებს. აქამდე მსგავსი რეგულაციის დაწესება სამშენებლო კომპანიების კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული. 


სრული ვერსია


commersant.ge

ავტორი: ნიუპრესი