|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ევროპას რუბლის საერთაშორისო ბრუნვიდან გაძევება სურს

ევროპამ რუბლი უნდა გარიცხოს საერთაშორისო ანგარიშსწორებიდან და არაკონვერტირებად  ვალუტად აქციოს – ამის შესახებ ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რიშარდ ჩარნეცკი აცხადებს. ჯერჯერობით მსგავსი განცხადებები პოპულისტურად გამოიყურება, რადგან ამ ზომებმა შესაძლოა დარტყმა მიაყენოს მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების ამბიციებს, რომელიც რუბლის მსოფლიო სარეზერვო ვალუტად გადაქცევას ცდილობს, თუმცა ეს ევროპის წინააღმდეგობის არარსებობის პირობებშიც არ გამოსდის.


პოლონეთის სეიმში გამოსვლისას ჩარნეცკიმ განაცხადა, რომ აუცილებელია პროფილაქტიკური სანქციების მომზადება რუსეთის ეკონომიკის ძირითადი სეგმენტების მიმართ.

 

რუბლის მიმართ „სანქციების“ დაწესების ინიციატივა არის დარტყმა რუსეთის ხელისუფლების ამბიციურ მისწრაფებებზე, მოსკოვი და სანკტ–პეტერბურგი საერთაშორისო ფინანსურ ცენტრებად აქციოს, რუბლი კი მსოფლიო სარეზერვო ვალუტად.


მაგალითად, პრემიერ–მინისტრი დიმიტრი მედვედევი 2012 წელს აცხადებდა, რომ რუსულ რუბლს აქვს ყველა შანსი, გახდეს მსოფლიო სარეზერვო ვალუტა, თუმცა დღემდე სავაჭრო პარტნიორებთან ანგარიშსწორების უდიდესი ნაწილი დოლარსა და ევროში მიმდინარეობს. 


რუსი ექსპერტები აცხადებენ, რომ რიშარდ ჩარნეცკის ინიციატივა პოპულისტური განცხადებაა და ეს ზომა მიღებულიც რომ იქნას, ის პოლიტიკური და არა ეკონომიკური დატვირთვის იქნება.

 

სპეციალისტების განცხადებით, ფინანსური შეზღუდვები რუსეთის ეკონომიკას გაცილებით სერიოზულ დარტყმას აყენებს. მათი გათვლებით, დასავლეთიდან გრძელვადიანი ვალდებულებების აღებაზე დაწესებული შეზღუდვები რუსულ ბანკებს შესაძლოა არა მილიარდობით, არამედ ასობით მილიარდი დოლარი დაუჯდეს. 


Bank of America Merill Lynch–ის შეფასებით, რუსეთის მხოლოდ გაზისა და ნავთობის დარგმა სანქციების გამო შესაძლოა ტრილიონი დოლარი დაკარგოს.

commersant.ge

ავტორი: ნიუპრესი