|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სკოლის ექიმებს რეცეპტის გამოწერის უფლება ექნებათ

სკოლების სამედიცინო კაბინეტების ექიმებს რეცეპტის გამოწერის უფლება ექნებათ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განუცხადა. 
მისივე თქმით, განათლების სამინისტროს 100 სკოლა აქვს შერჩეული, სადაც სამედიცინო კაბინეტი გაიხსნება. ლიცენზირებული ექიმებს დადგენილი სტანდარტისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აარჩევს. 
"უკვე დასრულებულია სარემონტო სამუშაოები, შესყიდულია ინვენტარი. გეოგრაფიული დაფარვა უზრუნველყოფილია, ეს არ არის ერთი ქალაქის სკოლები. 2015 წლიდან სამედიცინო კაბინეტებს უფრო ინტენსიურად დავამატებთ. ეს იქნება ოჯახის ექიმის პროფილის მქონე ადამიანი. საუბარი გვაქვს ექიმზე და არა ექთანზე. ეს უნდა იყოს ზოგადი სახის მკურნალი ექიმი", - დასძინა სანიკიძემ.
მინისტრს განმარტებით, განათლების სამინისტრო წელს სკოლებში უკვე სხვა ცვლილებებს იწყებს. სასწავლო წლის ხანგრძლივობა ზამთრის არდადეგების ხარჯზე გაიზარდა და 36 კვირიანი გახდა, რითაც პრაქტიკულად საერთაშორისო სტანდარტს გაუთანაბრდება. 
მისივე თქმით, მეორე უცხო ენის სწავლება მეშვიდე კლასის ნაცვლად, მეხუთე კლასში დაიწყება. მეორე უცხო ენას კი სკოლა აირჩევს და მას სახელმწიფო დააფინანსებს. მეექვსე კლასის ზემოთ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსი შემოდის და დამატებითი საათი დაეთმობა. 
მინისტრის განცხადებით, ასევე მომზადდა მეწარმეობის კურსის სტანდარტი. 
"გვინდა, მეწარმეობის კურსი შევიტანოთ სკოლაში, როგორც არჩევითი საგანი. ამის პილოტირებას 15 სექტემბრიდან 100 სკოლაში დავიწყებთ. რესურსების მომზადება საქართველოს სავაჭრო პალატის მიერ არის დაფინანსებული. სასწავლო რესურსების კუთხითაც გარკვეული მრავალფეროვნება გვაქვს. ასევე 900-მდე სკოლაში სპეციალური მასწავლებელი გვეყოლება. სკოლებში, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (სსს) მქონე ბავშვები სწავლობენ, აუცილებელია იყოს სპეციალური მასწავლებელი, რომელიც მასწავლებელს ასეთი ბავშვების განათლებაში დაეხმარება. ამისათვის სპეციალურად გადამზადნენ მასწავებლები და სკოლაში ეს სერვისი შევიტანეთ. წარმოიდგინეთ, როდესაც არც ერთ სკოლაში არ ყოფილა და უცებ, ასეთი საჭიროება 900 სკოლაში გამოჩნდა. ეს ნიშნავს, რომ მშობლებმა გამოიყვანეს ასეთი ბავშვები სახლიდან და მოიყვანეს სკოლაში, ეს მართლაც ძალიან დიდი მიღწევაა", - აღნიშნა მინისტრმა.

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი