რუსეთის ბაზარზე ქართული თაფლი, კალმახი და ცხვარი გავა
რუსეთში, შესაძლოა, ქართული პროდუქციის საექსპორტო სია გაიზარდოს, – ამ საკითხზე "როსსელხოზნადზორისა" და საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელების სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს.
„როსსელხოზნადზორის“ ოფიციალურ ვებ–გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო მზადაა მნიშვნელოვნად გაზარდოს ხილის ექსპორტი, მათ შორის ციტრუსის, ატმის, ვაშლის, მსხლის, კომშის და ამავდროულად დაიწყოს ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მიწოდებაც რუსული მხარისთვის, მათ შორის, თაფლის, კალმახის, ცხვრის ხორცისა და ცოცხალი ცხვრის მიწოდებაც.
ამ საკითხზე კომენტირებისას სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ სავაჭრო ურთიერთობა არის სავაჭრო ურთიერთობა და საქართველო მზად არის რუსეთში ექსპორტი გასაზრდელად. "ევროპაში ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია, ეს ფორსირებულად მიმდინარეობს. ამავდროულად ჩვენთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ბაზრების დივერსიფიცირება", - აღნიშნა დანელიამ.
მანვე დასძინა, რომ თუ ეს საკითხი რუსეთისთვის დაწესებული ემბარგოების ფონზე გაკვირვებას იწვევს, ყველაზე დიდი ემბარგო საქართველოს აქვს რუსეთთან, ვინაიდან არ გააჩნია დიპლომარტიური ურთიერთობა.
bpi.ge
ავტორი: ნიუპრესი