სახელმწიფო მომავალ წელს 1.32 მილიარდი ლარის სესხის აღებას გეგმავს
საქართველოს 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებები მომავალ წელს 1.32 მილიარდი ლარით იზრდება.
მათ შორის, სახელმწიფო შიდა ბაზარზე, ფასიანი ქაღალდების გამოშვებიდან მისაღები 400 მილიონი ლარის ოდენობით სესხის აღებას აპირებს.
ხოლო, საგარეო სესხების ფარგლებში სახელმწიფო შემდეგი დონორებიდან აპირებს თანხების მიღებას: განვითარების პოლიტიკის ახალი ღონისძიების ფარგლებში (CG DPO I) მსოფლიო ბანკიდან 155 მილიონი ლარი; საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან (IFI) – 85 მილიონი ლარი; ხოლო, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ საქართველოს გრძელვადიანი საინვესტიციო, შეღავათიანი კრედიტები გამოეყოფა 680 მილიონი ლარის ოდენობით.
აღსანიშნავია ის, რომ გრძელვადიანი საინვესტიციო კრედიტებისთვის ასაღებითანხის მოცულობა 2014 წლის გეგმასთან შედარებით, 80 მილიონი ლარითიზრდება, ხოლო ბიუჯეტის მხარდასაჭერი თანხების მოცულობა 215 მილიონილარით, 85 მილიონ ლარამდე შემცირდა.
ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, დაგეგმილი თანხების ათვისების შემთხვევაში შენარჩუნებული იქნება სახელმწიფო საგარეო ვალის პარამეტრების მდგრადობა.
2014 წლის გეგმით, სახელმწიფოს წელს 1,636 მილიარდი ლარის სესხი უნდა აეღო, მათ შორის კი 600 მილიონი ლარი შიდა ბაზარზე. აღნიშნული მაჩვენებელი 2013 წელთან შედარებით 2.2–ჯერ იყო გაზრდილი.
2015 წელს კი ვალის მოცულობა 2014 წლის გეგმასთან შედარებით, 19.3%–ით მცირდება.
2015 წლის ბოლოსათვის სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა ნომინალურ მშპ- თან მიმართებაში 0.1 პროცენტული პუნქტით იზრდება და დაახლოებით 35.6%–ს შეადგენს. აქედან სახელმწიფო საგარეო ვალი დაახლოებით 26.4%, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი დაახლოებით 9.3%-ს შეადგენს.
2014 წლის ბოლოსათვის სახელმწიფო ვალის მოცულობა ნომინალურ მშპ-თან მიმართებაში დაახლოებით 35.5%-ს უნდა შეადგენდეს, აქედან სახელმწიფო საგარეო ვალი დაახლოებით 26.7%-ს, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი დაახლოებით 8.8%-ს.
სახელმწიფო საშინაო ვალის ნაშთი 2014 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს 1.83 მილიარდ ლარს, აქედან 1.24 მილიარდი ლარი წარმოადგენს ნაშთს სახაზინო ვალდებულებების და ობლიგაციების ნაწილში, ხოლო 591.8 მილიონი ლარი - „სახელმწიფო ობლიგაციები სებ-სთვის და ღია ბაზრის ოპერაციებისათვის“ ნაწილში.
რაც შეეხება, სახელმწიფო საგარეო ვალის ნაშთს 2014 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, შეადგენს $4.11 მილიარდს, რაც მთლიანი სახელმწიფო ვალის 74%-ია.
აღნიშნული საკრედიტო რესურსის დიდი ნაწილი მიღებულია მრავალმხრივი და ორმხრივი დონორებისგან/პარტნიორებისგან ქვეყნისათვის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საგარეო ვალის პორტფელი შეღავათიანია და ძირითადად შედგება გრძელვადიანი სესხებისაგან - პორტფელის საკონტრაქტო შეწონილი ვადიანობა შეადგენს 23 წელს, საშუალო შეწონილი დარჩენილი ვადიანობა შეადგენს დაახლოებით 10.7 წელს, ხოლო სახელმწიფო საგარეო ვალის საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 1.94%-ს.
სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ საგარეო ვალის პორტფელის 74% შედგება ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე კრედიტებისგან. ეს გარემოება კი მათი თქმით, ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურების პარამეტრების დაცულობას საპროცენტო განაკვეთების ეგზოგენური რყევებისგან და უზრუნველყოფს ვალის მომსახურების ხარჯების შენარჩუნებას დაბალ დონეზე.
სახელწმიფო საგარეო ვალის 48% SDR-შია დენომინირებული (ნასესხობის სპეციალური უფლება) მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და აზიის განვითარების ბანკის ფინანსური რესურსების დიდი წილის გამო.
სესხების გასტუმრების ნაწილში, 2015 წელს საშინაო ვალდებულებების კლება განხორციელდება 531.99 მილიონი ლარის ოდენობით, რაც თავის მხრივ მოიცავს, სახაზინო ვალდებულებების და ობლიგაციების ძირითადი თნხის დაფარვას - 496.99 მილიონი ლარის ოდენობით და სახელმწიფო ობლიგაციების ძირითადი თანხის დაფარვას (სებ-ის მიმართ ვალი) – 35 მილიონი ლარის ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტროს განცხადებით, 2015 წლის განმავლობაში, საშინაო ვალდებულებების ზრდა განისაზღვრება 896.99 მილიონი ლარით.
სახელმწიფო საგარეო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია 545 მილიონი ლარი, საიდანაც 345 მილიონი ლარი წარმოადგენს ძირითადი თანხის დაფარვას, ხოლო 200 მილიონი ლარი - პროცენტის თანხას.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება ჯამში 910.8 მილიონ ლარს შეადგენს.
commersant.ge
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა