რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ცარიელია – მთავრობამ მისი 50 მლნ–ით გაზრდა გადაწყვიტა
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში 11,249 მლნ ლარია დარჩენილი. როგორც მთავრობის №1729 განკარგულებით ირკვევა, ფონდის 2014 წლის ბიუჯეტიდან უკვე განკარგულია 238,75 მლნ ლარი.
მთავრობამ ფინანსთა სამინისტროს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის 50 მლნ ლარით შევსება უკვე დაავალდებულა, რის გამოც ფინანსთა სამინისტრომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები 25 მლნ ლარით, ხოლო საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებები 25 მლნ ლარით უნდა შეამციროს.
”2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის 50 მლნ (ორმოცდაათი მილიონი) ლარით შევსების მიზნით ფინანსთა სამინისტროს დაევალა – ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე 25 000 000 ლარით შეამციროს წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებები; ბ) წლიური საბიუჯეტო კანონით საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებები შეამციროს 25 000 000 ლარით”- აღნიშნულია განკარგულებაში.
ავტორი: ნიუპრესი