გიორგი მარგველაშვილი - არ მგონია, რომ ჩემი თანაგუნდელები რამეს მერჩოდნენ
სიმართლე გითხრათ, მე არ მგონია, რომ ჩემი თანაგუნდელები რამეს მერჩიან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მთავრობასთან ურთიერთობის საკითხზე კომენტირებისას ჟურნალ Forbes Georgia-ს განუცხადა.
მისივე თქმით, თანაგუნდელები რომ ერჩოდნენ, თავადაც აღელვებული იქნებოდა. რაც შეეხება იმ კრიტიკულ განცხადებებს, რომელსაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები მის მიმართ ბოლო პერიოდში აკეთებდნენ, პრეზიდენტის თქმით, ვერც ერთ მათგანზე ვერ უპასუხებს, რადგან, რეალურად არც ერთში არ არის პოლიტიკური შინაარსი.
"სიმართლე გითხრათ, მე არც მგონია, რომ ჩემი თანაგუნდელები რამეს მერჩიან. რომ მერჩოდნენ, ალბათ მეც აღელვებული ვიქნებოდი. ვფიქრობ, ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელსაც აქვს გარკვეული ემოციური შემადგენელი და ექნება თავისი პოზიტიური გამოსავალი, მითუმეტეს მაშინ, როცა მე ნაკლებად ვღიზიანდები", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, შესაძლოა, მთელ რიგ შემთხვევებში მისი და კოალიციის ლიდერების ლექსიკა განსხვავებული იყოს, მაგრამ პოლიტიკური ორიენტირები განსხვავებული არ იქნება.
ავტორი: ნიუპრესი