წყალტუბოში ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდის აღდგენას ითხოვენ
ბოლო პერიოდის ძლიერი წვიმების შედეგად წყალტუბოში ადიდებულმა მდინარემ „სემი“ სოფლის ხიდი დააზიანა, რის შედეგად ორი სოფლის, ყუმისთავისა და ცხუნკურის დამაკავშირებელი გზა ჩაიკეტა.
ადგილობრივები სწორედ ამ ხიდის საშუალებით სახნავ- სათესი ფართობებისაკენ გადაადგილებას ახერხებდნენ.
აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით მოსახლეობას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი შეხვდა და ხიდის აღდგენას დაპირდა.
მისი განმარტებით, გამგეობის შესაბამისი სამსახურის სპეციალისტები საპროექტო დოკუმენტაციას მოამზადებენ, რის შემდეგაც ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.
ავტორი: ანა ჯიქია