|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

14 ოქტომბერი სვეტიცხოვლობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობას - მცხეთობს  აღნიშნავს.

 ეკლესია ამ დღეს ასევე წმიდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას (IV); წმიდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) მოიხსენიებს.

გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.

მე-4 საუკუნეში წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად ხუროებს ხე მოუჭრიათ, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ დამორჩილებია. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული.

 ამ ადგილას ხის პატარა ზომის ეკლესია აიგო. მე-5 საუკუნის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა  უფრო დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. ხოლო უკვე გორგასლისეული სვეტიცხოვლის აღდგენა-მშენებლობას ხელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდა მელქისედეკ პირველმა მოჰკიდა. მისი ბრძანებით მე – 11 ს-ის დასაწყისში ხუროთმოძღვარმა არსაკიძემ ძველი ბაზილიკის ნაგებობა ჯვარ-გუმბათოვან ტაძრად გადააკეთა. სწორედ არსაკიძის ეს გენიალური ქმნილებაა ჩვენამდე მოღწეული.

ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის (1991 წ.) შემდეგ სვეტიცხოვლობა აღდგა და ოფიციალურ უქმე დღედ გამოცხადდა. ტრადიციულად,  ამ დღეს წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სვეტიცხოველში აღავლენს.   

 მორწმუნეები  კი   სალოცავად მთელი ქვეყნიდან  მცხეთისკენ მიემართებიან.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 1 ხმა