განათლების სამინისტრო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით ბოლო დროს გაკეთებული არაერთგვაროვანი განცხადებების ფონზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კატეგორიულად განმარტავს, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში სტუდენტთა დაფინანსების მნიშვნელოვნად გაზრდის შედეგად, სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა არა თუ იზრდება, არამედ მნიშვნელოვნად იკლებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მუდამ მზად არიან გააგრძელონ ეფექტური მუშაობა რათა ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა უზრუნველყონ.
"იქიდან გამომდინარე, რომ სამინისტროს მიზანია საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სტუდენტებთან შეთანხმებით, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის რესტრუქტურიზებას იწყებს. შედეგად, თავიდან იქნება აცილებული არასრული ინფორმაციითა და ციფრებით მანიპულირებით ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანა და მათი ერთმანეთთან დაპირისპირება.
იხ. სრულად ipn.ge
ავტორი: newpress.ge