ბაღდათის გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლები პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ
ბაღდათის მუნიციპალიტეტში გამგებლის დაქვემდებარებაში მყოფი კადრების გათავისუფლება და ჩამოქვეითება მოხდა. როგორც მათ ,,Newpress“ - თან საუბრისას განაცხადეს, ეს ყველაფერი პოლიტიკური ნიშნით ხდება და ამის შესახებ მათ თავად გამგებელმა, ირაკლი გეგეშიძემ განუცხადათ:
,,ამჟამად ვარ ჩამოქვეითებული და სავარაუდოდ
გამათავისუფლებენ კიდეც. მე ვუთხარი, რომ "ნაციონალი" არ ვიყავი და 1991 წლიდან ვმუშაობ
გამგეობაში, თუმცა მისი თქმით, მას დაავალეს, ვინც კი "ნაციონალებთან" ერთად მუშაობდა,
უნდა წავიდეს.“ - განაცხადა განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ეკა კბილაშვილმა.
ბაღდათის გამგებელი, ირაკლი გეგეშიძე პოლიტიკურ დევნას უარყოფს, აცხადებს, რომ საკადრო ცვლილებები სრულიად კანონიერად განახორციელა: ,,ქალბატონი ეკა ერთადერთი გამონაკლისია, რომელიც თანამდებობრივად ჩამოქვეითდა. სამსახურის უფროსს პირადად მე ვათავისუფლებ და ვნიშნავ. ჩავთვალე, რომ ამ თანამდებობაზე სხვა პიროვნება უნდა დამენიშნა, რომლისთვისაც მეტი დავალება მინდოდა მიმეცა. ხოლო ქ-ნ ეკას კი შევთავაზე განყოფილების გამგის თანამდებობა, რათა სამსახურის გარეშე არ დარჩენილიყო. აქედან, საერთოდ რომ გამეთავისუფლებინა, უარესი იქნებოდა." - განაცხადა გეგეშიძემ.
მსგავსად კბილაშვილისა, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე სოფელ ნერგეთის ყოფილი რწმუნებული, ოთარ გარუჩავაც საუბრობს.
,,ჩვენ გამგებლისგან
მოვითხოვეთ ინფორმაციის მოწოდება, იმის შესახებ, თუ რის საფუძველზე ხდებოდა ჩვენი გათავისუფლება,
თუმცა უშედეგოდ.“
- განაცხადა გარუჩავამ.
შეგახსენებთ, რომ
ბათდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ირაკლი გეგეშიძის, ბრძანებით გათავისუფლებულია
67, ხოლო სამსახურეობრივად ჩამოქვეითდა 8 ადამიანი.
ავტორი: გიგა გელხვიიძე