როგორ გათბებიან ზამთარში ბაღდათში მცხოვრები სოციალურად დაუცველები?
ბაღდათის საკრებულოს სხდომაზე სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საშეშე მასალით დახმარების პროგრამა განიხილეს. მუნიციპალიტეტის გამგებლის, ირაკლი გეგეშიძის განცხადებით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ფულადი დახმარების ნაცვლად დამზადებული შეშა გადაეცემათ. ამის მიზეზად კი საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვის პრევენცია გახდა.
,,თანხის გაცემის ნაცვლად, როგორც ეს აქამდე ხდებოდა,
უმჯობესი იქნება მოსახლეობას მივუტანოთ შეშა, რათა თავიდან ავიცილოთ თანხის არამიზნობრივად
გახარჯვის შესაძლებლობა, რაც შეეხება შეშის რაოდენობას, ეს განისაზღვრება პრიორიტეტების
მიხედვით. ამ ეტაპზე მონიშნულია, რამოდენიმე ტყეკაფი, სადაც დაახლოებით 7000 კუბამეტრი
შეშის მოჭრა იქნება შესაძლებელი. უახლოეს მომავალში დაზუსტებული იქნება შესაბამისი
სამსახური, რომელიც განახორციელებს, შეშის მოსახლეობამდე მიტანას“ - განაცხადა გეგეშიძემ.
გამგებლის ამ მოსაზრებას როგორ მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. დეპუტატების ნაწილი ამტკიცებს, რომ უმჯობესია ფულადი დახმარები გაცემა. კონსესუსის არარსებობის გამო საკრებულო საბოლოო გადაწყვეტილებამდე ვერ მივიდა, რის გამოც საკითხის
განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო.
ავტორი: გიგა გელხვიიძე