სიცოცხლე დედამიწის მიღმა
მეცნიერები სიცოცხლეს
ეძებენ ალასკის ტბის 30 სანტიმეტრი სისქის ყინულქვეშაც და მექსიკის ერთი ბნელი
მიწისქვეშა გამოქვაბულის 15 მეტრ სიღრმეზეც. ეს ორი ადგილი - გაყინული არქტიკული
ტბა და მომწამვლელი ტროპიკული გამოქვაბული - შესაძლოა, დედამიწის ერთ-ერთი უძველესი
და ამოუხსნელი საიდუმლოს გასაღებად იქცეს: არსებობს თუ არა სიცოცხლე ჩვენი
პლანეტის მიღმა? სიცოცხლე სხვა სამყაროში, მზის სისტემისა თუ შორეულ ვარსკვლავთა
ორბიტებზე მბრუნავ პლანეტებზე? იქნებ ის მართლაც იყოს შემონახული ყინულით დაფარულ
ოკეანეებში, იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე ან აირით სავსე, დახშულ
გამოქვაბულებში, რომლებიც, შესაძლოა, მრავლად იყოს მარსზე. თუ მოხერხდება
დედამიწის ანალოგიურ ექსტრემალურ გარემოში ბინადარი სიცოცხლის ფორმების
გამოცალკევება და იდენტიფიცირება, ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება დედამიწის
მიღმა სიცოცხლის წყაროების მოძიების სფეროში.
იკვლევენ ვარსკვლავებს,
თუმცა ძნელია ზუსტად განვსაზღვროთ, როდის გადავა ვარსკვლავებზე სიცოცხლის ძიება
სამეცნიერო ფანტასტიკიდან მეცნიერული კვლევის სფეროში. პირველად გარდატეხა 1961
წლის ნოემბერში მოხდა, ასტრონომთა შეკრებაზე. ეს თავყრილობა ახალგაზრდა
რადიოასტრონომმა ფრენკ დრეიკმა მოაწყო. მას მოსვენებას არ აძლევდა
უცხოპლანეტელებთან რადიოკავშირის დამყარების იდეა.
მაშინ არამიწიერი
ცივილიზაციების (SETI) ძიება „ასტრონომიაში, ფაქტობრივად, ტაბუდადებული იყო“, -
იხსენებს 84 წლის დრეიკი. მან ამ საკითხებისადმი მიძღვნილ დისკუსიაზე სულ
რამდენიმე ასტრონომი, ქიმიკოსი, ბიოლოგი და ინჟინერი, მათ შორის - პლანეტების
შემსწავლელი ახალგაზრდა მეცნიერი კარლ საგანი მოიწვია. აქედან დაედო სათავე
მეცნიერებას, რომელსაც დღეს ასტრობიოლოგიის სახელით იცნობენ. ესაა მეცნიერება,
რომელიც სწავლობს სიცოცხლეს დედამიწის მიღმა.
სიცოცხლისათვის
გადამწყვეტი მნიშვნელობის კიდევ ერთი ფაქტორი, ბიოლოგთა მტკიცებით, თხევად
მდგომარეობაში მყოფი წყალია - მძლავრი გამხსნელი, რომელსაც შეუძლია საკვები
ნივთიერებები ორგანიზმის ყველა ნაწილს მიაწოდოს. რაც შეეხება მზის სისტემას,
მარსის ორბიტული მისიის, „მარინერ 9“-ის ცნობით (1971 წ), ოდესღაც მარსზე დიდი
რაოდენობით წყალი იყო. ასე რომ, შეიძლება იქ სიცოცხლე არსებობდა, სულ მცირე,
მიკრობული ფორმით მაინც. გამორიცხული არაა, რომ ამ სიცოცხლის ნაშთები ჯერ კიდევ
იყოს მარსის მიწის ქვეშ, სადაც თხევად მყოფი წყალია შემორჩენილი. იუპიტერის
თანამგზავრ ევროპაზეც, მის შედარებით ახალგაზრდა, ყინულით დაფარულ ზედაპირზე
ნაპრალები მოჩანს.
მარსი ბევრად უფრო ჰგავს
დედამიწას, ასევე, ბევრად უფრო ახლოა მასთან, ვიდრე ზემოთ ნახსენები თანამგზავრი.
მარსზე განხორციელებული ყოველი მისიის სტიმული, ფაქტობრივად, სიცოცხლის ძიება იყო.
ამჟამად NASA-ს მარსმავალი „კურიოსიტი“ (Curiosity) გეილის კრატერს იკვლევს, სადაც
მილიარდობით წლის წინ უზარმაზარი ტბა იყო. დღევანდელი სურათის მიხედვით, კრატერის
ქიმიური გარემო იდეალურ პირობებს შეუქმნიდა მიკრობებს, თუკი ისინი იქ
იარსებებდნენ.
National Geographic-ის
დამწყებ მკვლევარ ჰენდის ასტრობიოლოგიური კვლევებისთვის ევროპა უფრო ხელსაყრელ
პლანეტად მიაჩნია, ვიდრე მარსი და ამის მიზეზიც აქვს: დავუშვათ, გავემგზავრეთ
მარსზე და მის წიაღში დნმ-ის საფუძველზე შექმნილი, დედამიწაზე არსებულის მსგავსი
ცოცხალი ორგანიზმები აღმოვაჩინეთ, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ დნმ სიცოცხლის
უნივერსალური მოლეკულაა, რაც ნამდვილად შესაძლებელია. მაგრამ შეიძლება იმასაც
ნიშნავდეს, რომ სიცოცხლეს მარსსა და დედამიწაზე საერთო წარმოშობა აქვს. ჩვენ
დანამდვილებით ვიცით, რომ ასტეროიდის შეჯახებისგან მარსის ზედაპირიდან
გამოტყორცნილი ქანები დედამიწაზე მოხვდა. ასევე სავარაუდოა, რომ დედამიწის ქანებიც
მოხვდა მარსზე. თუ კოსმოსში მოდრეიფე ასეთი ქანები შეიცავდნენ ცოცხალ მიკრობებს,
რომლებიც მოგზაურობისას გადარჩნენ (ეს კი, სავარაუდოდ, შესაძლებელია), ისინი
აღმოცენდებოდნენ ნებისმიერ იმ პლანეტაზე, სადაც მიაღწევდნენ. „თუ აღმოჩნდა, რომ
მარსზე არსებული სიცოცხლე დნმ-ზეა დაფუძნებული, მაშინ საკითხავი იქნება, ეს დნმ
დამოუკიდებელი წარმოშობისაა?“ - მსჯელობს ჰენდი. მაგრამ, ევროპა ბევრად შორსაა. იქ
თუ სიცოცხლე აღმოჩნდა, ეს უკვე მეორე, დამოუკიდებელი გენეზისის ნიშანი იქნება იმ
შემთხვევაშიც კი, თუ ეს სიცოცხლეც დნმ-ზეა აგებული.
დედამიწის მიღმა სიცოცხლის მაძიებელთა მუშაობა გრძელდება...
წყარო: National Geographic
ავტორი: ასმათ ყურაშვილი