ქუთაისის საკრებულოში ნატო ქათამაძე მიწის პირდაპირი წესით გასხვისების წინააღმდეგ გამოვიდა
ქუთაისის საკრებულოს რიგით მეხუთე რიგგარეშე სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა მოქალაქისათვის ქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის საკითხმა გამოიწვია.
"რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელმა ნატო ქათამაძემ განაცხადა, რომ საკითხს მხარს არ დაუჭერდა, რაც "მავნე პრაქტიკის' გაგრძელების საფრთხით ახსნა: „ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღების დროს ვარ ძალიან ფრთხილი, ვინაიდან წინა საკრებულოს დეპუტატებისგან გვაქვს მწარე პრაქტიკა. ისინი ასხვისებდნენ მიწებს და მერე ეს მიწები მათ ბალანსზე ჩნდებოდა. - განაცხადა ქათამაძემ.
ამ საკითხისადმი საწინააღმდეგო ვერაფერი იპოვეს "ნაციონალებმა". საკრებულოს ფრაქცია " ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, დავით გოგისვანიძემ განაცხადა: “ჩვენმა ფრაქციამ შეისწავლა საკითხი და საწინააღმდეგოს ვერაფერს ვხედავთ, პირიქით, თუ ბიზნესის კუთხით რამე წინსვლა იქნება, არ ვაპირებთ ხელის შეშლას, რადგან ბიზნესი და ეკონომიკა ქუთაისში ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.“
საკრებულომ აღნიშნულ საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება გამოიტანა.
ავტორი: ანა ჯიქია