სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ახალი რეგიონული ოფისი გახსნა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის ახალი რეგიონული ოფისი გახსნეს.
დღეიდან მოსახლეობას საშუალება ექნება, სრულყოფილად ისარგებლოს ყველა იმ სერვისით, რასაც მათ სურსათის ეროვნული სააგენტო სთავაზობს. სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია, მცენარეთა დაცვა ის სფეროებია, რომელთა სახელმწიფო კონტროლს სააგენტო ახორციელებს.
„გაიხსნა რეგიონული ოფისი, რომელიც აღჭურვილი თანამდეროვე ტექნიკით, ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი, რომ მოსახლეობა დაცული იყოს უხარისხო პროდუქციისაგან.“ -განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ახალი ოფისის გახსნა სურსათის უვნებლობის სააგენტოს თანამშრომლებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიულოცა: „განახლებულ ოფისში ყველა პირობაა შექმნილი სამუშაოდ. 2015 წლის იანვრიდან ჩვენ კიდევ გავამკაცრებთ კონტროლს ხარისხზე. გავხსნით ქვეყნის მასშტაბით ოფისებს," - განაცხადა ოთარ დანელიამ.
გახსნის საზეიმო ცერემონიის შემდეგ ოთარ დანელიამ და ნოდარ ხადურმა ,,კარწახის“, ,,ფოთის პორტისა“ და ,,სარფის (ადლია)“ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტებში ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის გაუმჯობესების მხარდამჭერ მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
ახალი ოფისი ,,ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB)“ დახმარებით აშენდა.

ავტორი: ანა ჯიქია





19:59
15:16
16:03
11:37
15:02
















