ინფრასტრუქტურის მინისტრსა და გიორგი ვაშაძის პარტიის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში ხელისუფლების წარმომადგენლები და ოპოზიციური პარტიის "ახალი საქართველოს" წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი სოფელ გოდოგანში ნაგავსაყრელის მოწყობის საკითხი გახდა.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ინფრასტრუქტურის მინისტრი მოსახლეობას ხვდებოდა, სადაც ნაგავსაყრელის მოწყობის საკითხს განიხილავდნენ. ვაშაძის პარტიის წევრები ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის მოწყობას ეწინააღმდეგებიან და ხელისუფლებას მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ.
"ნოდარ ჯავახიშვილის ხელმოწერილი დოკუმენტი მაქვს, სადაც დასტურდება, რომ ეს ნაგავსაყრელი არ იქნება არანაირად მოსახლეობის საწინააღმდეგოდ მიმართული, არა და უამრავი არგუმენტი არსებობს იმის საწინააღმდეგოდ, რომ არ აშენდეს ეს ნაგავსაყრელი“, - განაცხადა "ახალი საქართველოს" წარმომადგენელმა ზაალ ხონელიძემ.
"არავის სურს ნაგავსაყრელის მოწყობა საცხოვრებელთან ახლოს. თუ მაინადამაინც უნდათ, საკუთარ ეზოში შეუძლიათ განათავსონ. მოსახლეობა ამის წინააღმდეგია, ჩვენ მათ მხარეს ვართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ეს პროექტი არ განხორციელდეს", - განაცხადა "ახალი საქართველოს" წევრმა ნატო დანელიამ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, გარემოს ზემოქმედების დოკუმენტში თუ იქნება კითხვის ნიშნები, ამ შემთხვევაში საკითხი მოიხსნება.
"გადაწყვეტილება ვერ იქნება საბოლოო, რადგან გარემოზე ზემოქმედების დასკვნა, დოკუმენტი არ არსებობს. მე აქ იმისთვის ვარ ჩამოსული, რომ მოსახლეობის აზრი მომესმინა. მეორეს მხრივ, უნდა მეთხოვა, რომ დაგვამთავრებინეთ კვლევის სამუშაოები, ანუ გარემოს ზემოქმედების დოკუმენტი რომ დაიდება, თუ იქ იქნება რაიმე ისეთი კითხვის ნიშანი, რომელსაც ჩვენ ავტომატურ რეჟიმში ვერ მოვხსნით, რა საკვირველია, საკითხი მოიხსნება“, - აღნიშნა ჯავახიშვილმა. მისი თქმით, პროექტისათვის ადგილი "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს შეიქმნა და ახლა მის წინააღმდეგ სწორედ ყოფილი "ნაციონალები" აქტიურობენ.
ადგილზე ასევე იმოფებოდა იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ქუთაისის მერი შოთა მურღულია.
შეგახსენებთ, გოდოგანის მოსახლეობა თერჯოლის კიდევ სამ სოფელთან ერთად მაჟორიტარ დეპუტატს ქუთაისის #47 საარჩევნო ოლქში ირჩევს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















