ლაშა ტალახაძეს საჩხერეში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ რიოს ოლიმპიური ჩემპიონისა და მსოფლიო რეკორდსმენის ლაშა ტალახაძის დასახვედრად მასშტაბური საზეიმო დახვედრა მოაწყო.
ღონისძიება, სიმბოლური სახელწოდებით - "შეხვედრა რიოს გმირებთან" - საჩხერეში, რკინიგზის მოედანზე გაიმართა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა, ოლიმპიური კომიტეტის, ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, რიოს ოლიმპიადის გამარჯვებულები და სხვადასხვა დროს გამარჯვებული ქართველი ოლიმპიელები ესწრებოდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით ლაშა ტალახაძეს საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა, მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ნადირაძემ სპორტსმენს საპატიო მოქალაქის მედალი და დიპლომი გადასცეს. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ოლიმპიელი 10 000 ლარით დააჯილდოვა და თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ეს თანხა თითოეული საჩხერელის საჩუქარია. მისი თქმით, თუ ოლიმპიადაზე მსოფლიოს მზერა რიოსკენ იყო მიმართული, დღეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში საქართველო და საჩხერეა, რომ სწორედ ამ სახელოვანი სპორტსმენების წარმატებამ გაუჩინა საჩხერეში ძალოსნობის დარბაზის დაარსების სურვილი, რომლის მშენებლობაც ამჟამად მიმდინარეობს.
ევროპის ჩემპიონმა ძალოსნობაში რაულ ცირეკიძემ კომპანია QUINCI SPORT-ის სახელით ლაშას ჯილდოდ ასევე 10 000 ლარი, ოსკარ შინდლერისა აკადემიის რექტორმა მაქს მაიერ შავიტმა კი ლაშა ტალახაძეს და ირაკლი თურმანიძეს სამახსოვრო პრიზები გადასცა, საზოგადოება "საჩხერელმა" სპორტსმენს რაინდის წოდება მიანიჭა. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ღონისძიებაში მონაწილე ყველა სპორსტმენი საგანგებო პრიზით დაასაჩუქრა.
საზეიმო ღონისძიებას სპორტული კომენტატორს ელენე ბილიხოძე უძღვებოდა, ხოლო მუსიკალური ნომრები ტრიომ "ქართული ხმები", მომღერლებმა ანრი ჯოხაძემ, სოფო ხალვაშმა და გიორგი სუხიტაშვილმა შეასრულეს.
ლაშა ტალახაძის საზეიმო დახვედრის ცერემონიალი ფოიერვერკით დასრულდა.

ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















