|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ომარ ნიშნიანიძე ”ქართულ ოცნებას” საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს

"ქართული ოცნების“ დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე პარტიას ქუთაისის ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს.  ამის შესახებ ნიშნიანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ნიშნიანიძე აღნიშნავს, არ აპირებს ”პარტიული სიის თვალსაზრისით დაზღვევას”. 

”მე ვარ მომხრე, რომ ჩემს რეგიონში, ჩემს ოლქში, სადაც მე ძალიან სერიოზული მუშაობა გავწიე დღემდე და ამას ვაგრძელებ, ვიყარო კენჭი, როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა. ჩემს საპირწონედ ჯერჯერობით არ მყავს ისეთი ადამიანი, რომელიც ჩემს გაკეთებულ საქმესთან, ჩემს ღვაწლთან შეიძლება მოვიდეს. მე მაქვს სურვილი, ერთი ადგილი მოვუპოვო „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ჩემი სახით“, - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.
როგორც დეპუტატი განმარტავს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები არ იქნება მარტივი არჩევნები. 

„ვფიქრობ, ეს არჩევნები კარგი ტესტი იქნება. დღეს არ არის გამოკვეთილი რომელიმე ძალა, რომელიც არჩევნებში განსაკუთრებულ უმრავლესობას მიიღებს. ერთადერთი უმრავლესობაში მოსვლის შანსი აქვს „ქართულ ოცნებას“ და არ მგონია, სხვა ძალას ეს შეეძლოს, თუმცა „ქართულ ოცნებასაც“ ხელი აქვს გასანძრევი და ამაში ვგულისხმობ იმას, რომ მან უნდა გაააქტიუროს პიარი, გაკეთებული საქმე მაინც უნდა დაანახოს ხალხს. „ქართული ოცნება“ უნდა გააქტიურდეს ყველა მიმართულებით, მათ შორის, ხალხთან ურთიერთობის თვალსაზრისითაც, ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს ხალხთან მისვლა“, - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

 

წყარო

ავტორი: