|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მშენებარე სასტუმრომ, შესაძლოა, ოპერის ქანდაკებები გადაფაროს

ქუთაისის ოპერის თეატრის სახურავზე არსებული ქანდაკებები, შესაძლოა გვერდით მშენებარე შენობამ გადაფაროს.

სამშენებლო სამუშაოები ყოფილ "მასწავლებელთა სახლში" მიმდინარეობს. სამი წლის წინ გასხვისებულ შენობას სამშენებლო ვადა რამდენჯერმე გაუგრძელდა. მერიაში განმარტავდნენ, რომ კომპანია ვადაგადაცილების გამო დაჯარიმდებოდა. რა შენდება "მასწავლებელთა სახლის" ყოფილ შენობაში და რამდენ სართულიანი იქნება შენობა,  ქუთაისის მერიაში პასუხი არ აქვთ. მერიაში აცხადებენ, რომ მშენებლობის ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა.

 ამ დროისათვის შენობის 5 სართული აშენებულია.

ერთ-ერთი მფლობელი ქეთევან აბაშიძე გამოჩენილი ინტერესის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ მის უფლებაა, ადგილზე რას ააშენებს.

"სხვა საქმე არ არის ქუთაისში? მიმდინარეობს მშენებლობა და რა აშენდება, ჩემი გადასაწყვეტია. გეუბნებით, სახლს ვაშენებ, ორ თვეში გეტყვით, რომ სხვა რაღაც შენდება", - განაცხადა ქეთევან აბაშიძემ.

კითხვაზე, ხომ არ დაფარავს შენობა ოპერის თეატრის სახურავზე არსებულ ქანდაკებებს, აბაშიძემ პასუხის გაცემა არ ისურვა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში განმარტავენ, რომ ნებართვა შენობის რეკონსტრუქციაზე გიაცა, რაც ითვალისწინებს არსებული სამი სართულის რეაბილიტაციას, ასევე მეოთხე და მეხუთე სართულებზე მცირე ზომის მანსარდების მიშენებას. მათივე განცხადებით, ახალი შენობა მორგებული იქნება არსებულ მდგომარეობაზე და არ დაჩრდილავს ოპერის თავზე მდგარ ქანდაკებებს.

ქუთაისის ოპერის თეატრის რეაბილიტაცია 2010 წელს განხორციელდა, რისთვისაც 5 მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯა. განახლებული შენობა ვენის ოპერის თეატრის მოდელს წარმოადგენს, შენობის სახურავზე განთავსებული ქანდაკებები, ამ დრომდე ყველა მხრიდან ჩანდა.  

ქუთაისში ყოფილი მასწავლებელთა სახლი 150 ათას  ლარად გაიყიდა.   შენობა აუქციონის წესით  შ.პ.ს-მ  "hp ჯგუფი" შეიძინა.  ტერიტორიის მშენებლობა-რეკონსტრუქცია 2016 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. 

 

 ფოტოზე:  ყოფილი პალას ჰოტელი, სადაც შემდეგ მასწავლებელთა პროფკავშირი განთავსდა, ფოტო დაცულია ეროვნულ არქივში.

 

ქუთაისში ყოფილი "მასწავლებელთა სახლი" გაიყიდა

"მასწავლებელთა სახლის" ადგილზე სასტუმროს მშენებლობა ორ თვეში დასრულდება

ქუთაისის „მასწავლებელთა სახლის“ ახალი მფლობელი დაჯარიმდა

151 ათას ლარად გაყიდული „ჰაერი“ და ჰაერში დარჩენილი „მასწავლებელთა სახლი“ ქუთაისში

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა