|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„სახელმწიფო ხალხისათვის“ - პაატა ბურჭულაძე პოლიტიკურ მოძრაობას იწყებს

”საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მიდის. აღნიშნულთან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ იწყებს პოლიტიკურ მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისათვის“.  ბურჭულაძე თავის განცხადებაში  ბოლო 25 წლის მდგომარეობასა და განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

 
”ძვირფასო თანამოქალაქეებო, 25 წელი გავიდა. 25 წლის განმავლობაში ბევრმა ადამიანმა იშრომა და იბრძოლა ამ ქვეყნისთვის, მისი დამოუკიდებლობისათვის, და პირველი, რაც მინდა გითხრათ, რის ვალდებულებასაც ვგრძნობ, არის ჩემი განუსაზღვრელი პატივისცემა ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც ქვეყანა შეინარჩუნა, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობის მიღწევაში, მისი განვითარების საქმეში თავისი წვლილი შეიტანა. ჩემი უდიდესი მადლობა და პატივისცემა ყველა ამ ადამიანს, გმადლობთ! 

იმავდროულად, 25 წელი ჩვენ ვყოფდით ქვეყანას, პატრიოტებად და მოღალატებად; 25 წელი ვეძებთ და ვპოულობთ მტრებს ჩვენს შორის; 25 წელი ვომობთ, ვაშენებთ, ვშრომობთ, ვღალატობთ, ვგმობთ, გვიყვარს, გვძულს; 25 წელი, მუდმივად, ჩვენს შორის ჩნდებიან პატრიოტები და მტრები. პატრიოტები მოდიან ხელისუფლებაში და იბრძვიან არა ქვეყნის გამთლიანებისთვის, გაძლიერებისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვის, არამედ მტრების დასჯისთვის, მათზე უპირატესობის მოპოვებისათვის, მათზე გამარჯვებისათვის. 25 წელი პატრიოტები სჯიან მტრებს, რომლებიც მანამდე თავად იყვნენ პატრიოტები და თავის მტრებს სჯიდნენ, აპატიმრებდნენ, მათზე გამარჯვებას ზეიმობდნენ'–წერს ბურჭულაძე და აცხადებს, რომ პოლიტიკაში უნდა მოვიდნენ სხვები,   ადამიანები, რომლებიც აქამდე პოლიტიკაში არ მოდიოდნენ, რადგან ბევრი ამჟამინდელი პოლიტიკოსის გვერდზე დგომა არ უნდოდათ,

"ეპოქა დასრულდა! ჩვენ, უბრალოდ, უნდა გავაცნობიეროთ ეს! აღარ არის პოლიტიკაში არც უმეცრების, არც უსინდისოების ადგილი, ისინი მაინც იქნებიან, მაგრამ შევეცადოთ, რომ ისინი იყვნენ უმცირესობაში. რას გპირდებით? ბრძოლას! ჩვენ ვიწყებთ პოლიტიკურ მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისათვის“! პაატა ბურჭულაძე ერთ-ერთი თქვენთაგანი”, -ნათქვამია განცახდებაში". 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი