პრეზიდენტი წყალტუბოში ახალგაზრდებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წყალტუბოში საზაფხულო სკოლას ესტუმრა და ახალგაზრდებს შეხვდა. პრეზიდენტი წყალტუბოში პროექტ "შენი ხმა ჩვენი მომავლია" კამპანიის ფარგლებში გაემგზავრა. პროექტი საქართველოს 8 ქალაქში ახალგაზრდული საზაფხულო სკოლების მოწყობას ითვალისწინებს.
„მე მინდა ვთხოვო პოლიტიკოსებს, გააქტიურდნენ, უფრო აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო კამპანიაში. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ ლიდერს მინდა ვთხოვო, რომ უფრო მეტი გაგვაგებინონ ჩვენ, ამომრჩევლებს რა უნდა გავაკეთოთ. პოლიტიკური პარტიები აქტიურ დისკუსიაში უნდა შევიდნენ საზოგადოებასთან და დიალოგი აწარმოონ ხალხთან. როცა აქტიური იქნება ამომრჩეველი, პოლიტიკოსს მოუწევს მისთვის პასუხების გაცემა. ჩვენი, ამომრჩევლების სახელით, მინდა მედიასაც ვთხოვო, რომ უფრო გაქტიურდეს და ჰკითხოს პოლიტიკოსებს - რას აპირებენ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტი რეგიონებში პროექტის მონაწილეებთან შეხვედრებს გააგრძელებს და ანაკლიას, შეკვეთილს, ზუგდიდს და სიღნაღს ეწვევა. პროექტი "შენი ხმა ჩვენი მომავლია" საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს არჩევნებში მონაწილეობის მიმართ საქართველოს მოსახლეობის ინტერესის გაზრდას.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















