"სამართლიანი არჩევნები" პარალელური დათვლის (PVT) შედეგებს აქვეყნებს
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე აკვირდებოდა.
არჩევნების დღის მიმდინარეობის თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, „სამართლიანი არჩევნები“ დარწმუნებულია ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგად დაფიქსირებულ შედეგებში. „სამართლიანმა არჩევნებმა“ სრულად მიიღო ინფორმაცია PVTუბნებზე დამკვირვებლების 99.7%-ისგან.
„სამართლიანი არჩევნების“ PVT შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მერყეობს 48.2%-სა და 50.0%-ს შორის.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მერყეობს 25.9%-სა და 27.7%-ს შორის.
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი კი მერყეობს 4.6%-სა და 5.2%-ს შორის. შესაბამისად, „სამართლიან არჩევნებს“ არ შეუძლია დარწმუნებით თქვას, გადალახა თუ არა აღნიშნულმა საარჩევნო სუბიექტმა 5%-იანი ბარიერი.
ხმების პარალელური დათვლის შედეგები იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებმაც ხმები 1%-ზე მეტი დააგროვეს მოცემულია ცხრილში. PVT შედეგები მოცემულია 95% სანდოობით.
| საარჩევნო სუბიექტი | გამოთვლილი პროცენტი | ცდომილების ზღვარი | მინიმალური შედეგი | მაქსიმალური შედეგი |
| ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო | 49.1% | 0.9% | 48.2% | 50.0% |
| ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | 26.8% | 0.9% | 25.9% | 27.7% |
| დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთანებული ოპოზიცია | 4.9% | 0.3% | 4.6% | 5.2% |
| ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები | 4.6% | 0.3% | 4.3% | 4.9% |
| პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის | 3.5% | 0.3% | 3.2% | 3.8% |
| ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა | 3.4% | 0.2% | 3.2% | 3.6% |
| შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული მოძრაობა | 3.1% | 0.2% | 2.9% | 3.3% |
| უსუფაშვილი - რესპუბლიკელები | 1.5% | 0.1% | 1.4% | 1.6% |
აღსანიშნავია, რომ პროპორციული სისტემის არჩევნებისთვის საერთო ჯამში 3702 საარჩევნო უბანია. საშუალოდ, თითოეულ საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 950 ამომრჩეველი. შესაბამისად, ცალკეული საარჩევნო უბნების შედეგები ვერ მოახდენს ზეგავლენას არჩევნების პროპორციული სისტემით ერთიან შედეგებზე. თუმცა, ცალკეული საარჩევნო უბნების შედეგებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს მაჟორიტარული სისტემით არჩევნების შედეგებზე.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















