გია გოქაძე: "ქალაქის ხელმძღვანელობის დამოკიდებულება სამოქალაქო სექტორის მიმართ სამარცხვინოა"
ქუთაისში კაფე "არგოს" მშენებლობის შესახებ საჯარო განხილვის მოთხოვნით არასამთავრობეობმა საკრებულოს წერილობით მიმართეს. ორგანიზაციის წევრები მოითხოვენ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დაინიშნოს, რომ არსებულ კითხვებს პასუხი გაეცეს. თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" თავმჯდომარე გია გოქაძე აცხადებს, ამ დრომდე საკრებულოს თავმჯდომარემ წერილზე რეაგირება არ მოახდინა.
"ამ განცხადებით ვითხოვთ, განხილულიყო "ოქროს ჩარდახის" გვერდით გაცემული მიწისა და მასზე კაფე-ბარის მშენებლობის მიზანშეწონილობისა და მშენებლობის კანონიერების საკითხი. საკრებულოს თავმჯდომარემ არ ჩათვალა საჭიროდ პასუხი გაეცა განცხადებაზე. თუმცა, ჩვენი წერილის გარეშე სხდომის მოწვევა საკრებულოში წარმოდგენილ ფრაქციებს ისედაც შეეძლოთ",–აცხადებს გოქაძე.
მისივე თქმით, სამი თვის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, არაერთხელ იქნა ჩატარებული ერთობლივი, პრესკონფერენცია, გაიმართა საპროტესტო აქცია, შეგროვდა ხელმოწერები. მიუხედავად ამისა, ქალაქის სკვერში, რიონის სანაპიროზე მშენებარე კაფე-ბარის საკითხი ერთხელაც არ გამხდარა მსჯელობის საგანი საკრებულოში. "სამწუხაროა, რომ ქუთაისის მოქალაქეების მიერ არჩეული საკრებულოს წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა გულგრილად ეკიდება ქალაქში არსებულ პრობლემატიკას და სხვა საქმეებით არის დაკავებული. ასევე, სამარცხვინოა ასეთი ქალაქის ხელმძღვანელობის დამოკიდებულება სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების იმ ნაწილის მიმართ, ვინც მხოლოდ საკითხის საჯაროდ განხილვას ითხოვს. ისინი წაყრუების პოლიტიკას ირჩევენ, ეს პოლიტიკა რომ მოქმედ ხელისუფლებას აზარალებს, ცხადია, მაგრამ ამ ყველაფრით საბოლოოდ ქუთაისი ზარალდება, რომლის გადანაწილება კვლავინდებურად მაღალი ტემპებით მიმდინრეობას თავგასულ ჩინოვნიკთა მიერ",–განაცხადა გოქაძემ.
გოქაძის ბრალდებას პასუხის დაგვიანებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოს უწოდებს საკრებულოს იურისტი. დავით ბენიძის განცხადებით, არასამთავრობოების წერილი არ არის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, რომ ვადები 10 სამუშაო დღეში დასრულებულიყო. ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, საკრებულოში შესულ წერილზე რეაგირების ვადები ერთთვიანია. საკრებულო საკითხს ერთთვიანი ვადის დაცვით რიგითობის პრინციპის დაცვით განიხილავს, რის შემდეგაც ეცნობებათ პასუხი ორგანიზაციებს, მოხდება თუ არა საკითხის საჯარო განხილვა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















