|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აკაკი ზოიძე ქალების საპენსიო ასაკის გაზრდას არ გამორიცხავს

ქალისა და კაცის საპენსიო ასაკი შესაძლებელია გათანაბრდეს. საქართველოს კანონმდებლობით, ქალებისთვის საპენსიო ასაკი განსაზღვრულია 60 წლიდან, მამაკაცებისთვის – 65 წლიდან.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა ჯერჯერობით არ დაწყებულა, თუმცა, არ გამორიცხავს საპენსიო ასაკის გათანაბრების შესაძლებლობას, ის შესაძლებლად მიიჩნევს ქალების საპენსიო ასაკის გაზრდასაც. 

"ქალები ჩვენთან 5 წლით ადრე გადიან პენსიაზე და 5 წლით მეტს ცხოვრობენ, შესაბამისად გამოდის, რომ 10 წლით მეტს სარგებლობენ, მე ამის საწინააღმდეგოს ვერაფერს ვხედავ. უბრალოდ სასურველი იქნება, რომ ამ შემთხვევაში მოხდეს ასაკის გათანაბრება, არ არის აუცილებელი, რომ გათანაბრდეს 65 წელზე, შეიძლება გავათანაბროთ სადღაც შუაში, 63.5-ზე",- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისი ინფორმაციით, პენსიონერთა რაოდენობა მთლიან მოსახლეობაში 17-დან 25 პროცენტამდე გაიზრდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, სამუშაო ძალამ იმდენი შემოსავლის მობილიზება შეძლოს, რომ ჩვენი პენსიონერებისთვის ღირსეული პენსია უზრუნველვყოთ და სხვა სოციალური ხარჯები დავაფინანსოთ. ასაკის გათანაბრებაზე მსჯელობა უახლოეს ერთ-ორ წელიწადში არ იქნება. როცა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იზრდება, ეს პროგრესია, მაგრამ ახალ გამოწვევებს აჩენს და გადახედვა ხდება. ადამიანები უფრო მეტს იცხოვრებენ და მეტს იმუშავებენ, პენსიაზე კი გვიან გავლენ. საუბარია 2030-2050 წლისთვის“, – განაცხადა ზოიძემ.

დეპუტატის ცნობით, მთავრობასთან სერიოზული დისკუსია გაიმართება საკითხებზე, როგორ მოხდეს ინდექსირება, ჩანაცვლების კოეფიციენტის შემოღება თუ სხვა მექანიზმი, რითაც მისი განმარტებით, პენსიების და პენსიონერების საკითხი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ჩამოშორდება.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ საუბარია საბაზისო პენსიაზე, რომელიც გარდა დაგროვებითი პენსიისა, ყოველწლიურად მზარდი იქნება. ზრდის მექანიზმზე კი, სერიოზული დისკუსია გაიმართება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2017 წელს ასაკობრივ საპენსიო პაკეტს 732 067 პენსიონერი იღებდა.

 

 

 



ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა