"ქვოტირება საუკეთესო ბიძგია პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაძლიერებისაკენ"
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული კვოტების აუცილებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართული დისკუსია. მასში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრის ორგანიზატორი „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ და ქუთაისის გენდერის მედია ცენტრი გახლდათ. დისკუსიას მოდერაციას ქეთი ბრძენიშვილი უწევდა.
გამომსვლელთა მოსაზრებები ორი მიმართულებით, ქვოტირების აუცილებლობასა და "ჯანსაღ კონკურენციაში" ქალების მონაწილეობის შესახებ გაიყო. გამოითქვა მოსაზრებები სტერეოტიპებისა და ფსიქოლოგიური ბარიერების რღვევის აუცილებლობაზე.
"ქალთა კლუბის" თავმჯდომარის ია იაშვილის განცხადებით, ქვოტირება, ესაა საუკეთესო ბიძგი პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაძლიერებისაკენ.
"ქალებსაც მართებთ მეტი აქტიურობა, როდესაც პოლიტიკურ პარტიები დგებიან აუცილებლობის წინაშე, სიებში ჩასვან ქალები, დამერწმუნეთ, არც ისე ბევრი ქალია შესარჩევი",-ამის შესახებ კი პარტია "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა გია თევდორაძემ განაცხადა. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის ნიკა ნარსიას განმარტებით, კი მათ პარტიაში ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა. პარტიას აქვს ქალთა ორგანიზაცია და თვითმმართველობის სიებშიც ქალები სათანადოდ იქნებიან წარმოდგენილი. აღმონდა, რომ საკითხთან დაკავშირებით, როგორც თავად განაცხადეს, ნაფიქრი არ ქონდათ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს.
საიას ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლის, ნოდარ ჯიქიას ინიციატივით კი, ქუთაისის საკრებულოს წევრის საქმიანობა ანაზღაურებადი უნდა გახდეს. მისი თქმით, ქალების მხარდაჭერის მიზნით "მეწარმე ქალთა" ორგანიზაციამ შეიმუშავა ასევე ინიციატივა, იმ მეწარმე ქალების საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლების შესახებ, რომლებსაც სამი და მეტი შვილი ჰყავთ.
შეხვედრის მოდერატორის, ქეთი ბერძენიშვილის განცხადებით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის გაზრდის შესახებ აქტივობები კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.
ავტორი: ირინა მაკარიძე